საგამოძიებო კოლეგიამ, პირველი ინსტანციის განჩინება შეცვალა
2013-12-20
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლემ გიორგი მიროტაძემ, შეცვალა საქალაქო სასამართლოს განჩინება და მსჯავრდებულ კ. ტ.-ს გირაოს აღკვეთის ღონისძიება წინასწარი პატიმრობით  შეუცვალა.
მსჯავრდებულ კ. ტ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში რაც გულისხმობს, ქრთამის მიცემას, ჩადენილს უკანონო ქმედების განსახორციელებლად. 
კერძოდ, კ. ტ.-ს ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც გამოიხატა სხვადასხვა ჯიშის ხის უკანონოდ ჭრის გამო, გარემოზე მიყენებული ზიანის, წინასწარი მონაცემებით 850000 ლარის 150000 ლარამდე, შემცირების სანაცვლოდ ქრთამის სახით შესაბამისი მოხელისათვის 30000 ლარის შეთავაზებასა და გადაცემაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ბრალდებულ კ. ტ.-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მისი უზრუნველყოფის მიზნით გირაოს სრული მოცულობით შეტანამდე ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულს გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 20 დღე.
აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა პროკურორმა გ. დ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბრალდებულ კ. ტ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  გამოყენება.
აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა პროკურორმა.
საგამოძიებო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია კ. ტ.-ს ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდი არის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი და კ. ტ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შეესაბამება საპროცესო მოთხოვნებს და გამომდინარეობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი საფუძვლებიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და დასადგენია ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირთა წრე, საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს გამოძიებას და შექმნას მოსაპოვებელი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მითუმეტეს, რომ ბრალდებულს ექნება რეალური შესაძლებლობა ზემოქმედება მოახდინოს პროცესის მონაწილეებსა და მოსაპოვებელ მტკიცებულებებზე.
ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული კ.ტ. წარსულში პასუხისგებაში იყო მიცემული სხვადასხვა დანაშაულისათვის, რომლებზედაც დღეის მდგომარეობით აღარ ითვლება ნასამართლობის მქონედ, მათ შორის 2008 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე და 2011 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2010-ე მუხლის მე-2 ნაწილით ყალბი საანგარიშწორებო ბარათის დამზადებისა და გასაღებისათვის ჯგუფურად, რაც გამოიხატა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების, სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გასაღებაში დახერხილი ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, აგრეთვე ბრალდებულის პიროვნების, ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ხასიათის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ და მის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის რეალური საფრთხე.  ამდენად, მსჯავრდებულ კ.ტ.-ს 3000 ლარიანი გირაო, შეეცვალა წინასწარი პატიმრობით.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია