თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება
2019-07-02
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისს სააპელაციო საჩივრით მომართა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისს მიღებული განჩინების გაუქმების და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ასევე საჩივრით მომართა ბრალდებულ ნიკანორ მელიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა ნიკანორ მელიას მიმართ საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვის ღონისძიებების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დასაშვებად ცნო წარმოდგენილი საჩივრები და მიუთითა, რომ ნიკანორ მელიას ადვოკატის საჩივარი ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჭიროებდა საჩივრის ფარგლებისა და მოთხოვნის დაზუსტებას. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას ადვოკატმა მოითხოვა მხოლოდ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული დამატებითი ღონისძიების გაუქმება და არ გაასაჩივრა აღკვეთის ღონისძიების სახე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი მხარეებს უფლებას აძლევს, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომელიც შეეხება აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებას, შეცვლას ან გაუქმებას. საქართველოს სისხლის სამართლის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების სახეების ჩამონათვალს. ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებული ვალდებულებები კი არ წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების სახეს და მისი აღკვეთის ღონისძიებებისგან განყენებულად გასაჩივრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლო შესაბამისად ვერ იმსჯელებდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ასევე არ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის სააპელაციო საჩივარი, რითაც უარი ეთქვა საქართველოს გენერალური პროკურორს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნაზე და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი, რომლის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია