სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა
2013-12-20
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განაჩენით, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 მაისის გადაწყვეტილება და პატიმარ ი. ლ.-ს რვა წლით შეუმცირა თავისუფლების აღკვეთის ვადა.
ი. ლ.-ს ბრალი ედებოდა განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში. კერძოდ, ი. ლ.-მ, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკური ზიანი მიაყენა ს. გ.-ს, დაეუფლა მის ფულს და ადგილიდან მიიმალა. დაზიანების შედეგად ს.გ. გარდაიცვალა.


პირველი ინსტანციის სასამართლოში ი. ლ.-ს დანაშაული დაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის მესამე ნაწილით რაც გულისხმობს, პირის განზრახ, ანგარებით მკვლელობას. ი. ლ.-მ თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, წარდგენილ ბრალდებაში. მან აღიარა ჯანმრთელობის დაზიანების და ქურდობის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ მას, ს.გ.-ს მკვლელობა განზრახული არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, ი. ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდგომ, მოხდა დანაშაულის გადაკვალიფიცირება რის შედეგადაც: ი. ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი 108-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში, (ნაცვლად 109-ე მუხლისა) რაც გულისხმობს, განზრახ მკვლელობას. მას, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.


ასევე, ი. ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის "ბ" ( ქურდობა, ჩადენილს დიდი ოდენობით) პუნქტითაც, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 108-ე მუხლით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა, 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი, რის შედეგადაც, ი. ლ.- ს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია