თავმჯდომარის მიმართვა
მოგესალმებით,

ტრადიციული გაგებით სასამართლოს დანიშნულებად მხოლოდ დავების განხილვა მიიჩნეოდა, თუმცა, ასეთი სწორხაზოვანი მიდგომა დიდი ხანია უარყვეს წამყვანი სამართლებრივი კულტურის მქონე სახელმწიფოებმა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. სოციალური სახელმწიფო კი არ არსებობს სოციალური სასამართლოს გარეშე. ამრიგად, სასამართლო სოციალურად ორიენტირებულ ინსტიტუტად ტრანსფორმირდება და მისი მიზანია მოდავე მხარეებისათვის თანაბარი შესაძლებლობების, თანაბარი სასტარტო პირობების შეთავაზება.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენი მისიაა დავიცვათ კანონის უზენაესობა.

დამოუკიდებლობა, სანდოობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალეობა, ორმხრივი კომუნიკაცია, ინოვაცია, სამოსამართლო და ადმინისტრირების ფუნქციების გამიჯვნა – ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობა ეფუძნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ცდილობს, ყველას შესთავაზოს საუკეთესო ხარისხის მომსახურება. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მაღალი ხარისხის სერვისი პირდაპირ კავშირშია კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ გარემოსა და კომპეტენტურ, კეთილგანწყობილ საჯარო მოხელეებთან. თბილისის სააპელაციო სასამართლო მუდმივად ესწრაფვის შექმნას ორიგინალური, მოქალაქეებზე მაქსიმალურად ორიენტირებული, დახვეწილი სერვისები და მომსახურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით განხორციელდა მრავალი პროექტი მოქალაქეთა მეტი ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად, რათა მათ ნაკლებ დროში, უფრო მცირე დანახარჯებით, უკეთ შეძლონ თავისი კანონიერი უფლებების რეალიზაცია. ვფიქრობთ აუცილებელია კიდევ უფრო გავაღრმაოთ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, არასამთავრობო სექტორთან, მასმედიასთან, რათა ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობისა და ჩვენს სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს დაინტერესებული პირებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის, დრეზდების უმაღლეს სამხარეო სასამართლოსთან, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან, ახალგაზრდა იურისთა ასოციაციასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან და ა.შ.

ამჟამად თქვენ სტუმრობთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდს. აქ ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა თავმოყრილი. ვებ-გვერდის ონლაინ დახმარება უზრუნველყოფს მყისიერი და კომპეტენტური პასუხის მოწოდებას. ვებ-გვერდის თანამედროვე სტრუქტურა და ინტეგრირებული საძიებო სისტემა დაგეხმარებათ ნავიგაციაში.

გისურვებთ წარმატებებს.


პატივისცემით,
ვალერი ცერცვაძე
თბილისის სააპელაციო სასამართლო
თავმჯდომარე
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია