აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი ოჯახში ძალადობის ფაქტზე
2017-10-31
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/1242-17 (2017-10-18) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქმის მასალების მიხედვით, გ. ტ.-ს წარედგინა ბრალდება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. მოგვიანებით პროკურორმა იშუამდგომლა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე 2 თვის ვადით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ, ხოლო პატიმრობა კვლავაც ძალაში დარჩა.

აღნიშნული განჩინება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება მხოლოდ 1 თვემდე ვადით, ასევე პატიმრობის ნაცვლად თავდებობის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ბრალდებულისათვის, ვინაიდან დაზარალებული საჭიროებდა ფინანსურ დახმარებას ბრალდებულისგან და მას არანაირი პრეტენზია მეუღლესთან არ გააჩნდა, რაც ნოტარიულად იქნა წარმოდგენილი.

საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, წინასასამართლო სხდომის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით განჩინებაში მიუთითა, რომ აღნიშნულის უფლებამოსილება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნდა და ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი. ხოლო რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობის ნაცვლად ბრალდებულს 1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. სასამართლომ დაზარალებულის პოზიცია და მხარეთა შერიგების სურვილი მიიჩნია იმ გარემოებად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა იმ საფრთხეებს, რისთვისაც თავდაპირველად იქნა გამოყენებული პატიმრობა.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ აღკვეთის ღონისძიების მიზნები და საფუძვლები;
☛ პატიმრობის შეცვლა გირაოს აღკვეთის ღონისძიებით;
☛ წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება;
☛ ოჯახში ძალადობა.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია