სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა.
სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა. ნომერზე 15 45 , საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს.
სასამართლოს მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალია სატელეფონო კომუნიკაციის მოთხოვნა, ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანი კი ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფაა. ქოლ-ცენტრის მომსახურება დაინტერესებულ პირებს დაეხმარება დაზოგონ დრო და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
15 45-ზე მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება:
• სასამართლო საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, სარჩელის რეგისტრაციის თარიღის, საქმის ელექტრონული ნომრის, დავის საგნის, მხარისათვის უწყების ჩაბარების თარიღის, საქმის განმხილველი მოსამართლის, სხდომის თარიღისა და სხდომის დარბაზის შესახებ;
• სასამართლო საქმის რეგისტრაციის სისტემაში რეგისტრაციის წესის, რეგისტრაციის საფასურისა და ტარიფების შესახებ;
• სასამართლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში ჩატარებისა და მოწმეთა დისტანციურად დაკითხვის შესაძლებლობის შესახებ;
• სასამართლო ფორმების, მათ შორის, ბავშვზე მორგებული სასამართლო ფორმების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და საერთო სასამართლოების ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობის შესახებ;
• საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშისა და სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის მიზნით სახაზინო კოდის შესახებ;
• სასამართლო გადაწყვეტილების გაცემის ფორმის, სასამართლო გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შესახებ;
• საერთო სასამართლოების სისტემაში გამოცხადებული სტაჟირებისა და კონკურსების თაობაზე;
• კომპეტენციის ფარგლებში, საერთო სასამართლოების სისტემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.