თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით, 10 მარტს საქართველოში პირველად აღინიშნა ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღე. ღონისძიება გაიმართა საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციასთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით. შეხვედრას იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ უმასპინძლა.
10 მარტის ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების ბაკალავრიატის საფეხურის 30-მდე სტუდენტი, რომლებმაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ორგანიზატორების მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში - „ქალები მართლმსაჯულებაში, ქალები მართლმსაჯულებისთვის“.
სტუდენტებთან ქალთა უფლებებსა და მართლმსაჯულებაში ქალების როლზე ისაუბრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა და ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა. მოწვეულმა მოსამართლეებმა მონაწილეებს გაუზიარეს პირადი გამოცდილება პროფესიაში შესვლის და კარიერული განვითარების შესახებ. სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკრიმინაციის, ფარული მიკერძოების და ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის, ასევე, სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ქალთა უფლებების პრობლემური ასპექტების განხილვაში.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ესეების კონკურსის მონაწილეების და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.