თბილისის სააპელაციო სასამართლო
სარჩელის უზრუნველყოფა
წარმოგიდგებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინებას საქმეზე 2ბ/3437-14. წარმოდგენილი განჩინებით სასამართლომ განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი (განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ): "სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს ვარაუდი, თავის მხრივ, ემყარება არა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლიანობისა და მტკიცებულებათა შემოწმების შედეგად მიღებულ დასკვნას, რაც მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის შედეგია, არამედ, სასარჩელო მოთხოვნის (ნაწილობრივ ან სრულად) სამართლებრივ მართებულობას. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების, ან შეუძლებლობის თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების სახეს, იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღუსრულებლობა. უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა (რასაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს) და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის სამართლიანი ბალანსის დადგენის მიზნით შემოწმების შედეგად, სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული ღონისძიებით განხორციელებული შეზღუდვა გამართლებულია."