მ. სააკაშვილის ქონების დაყადაღება
სექტემბრის თვეში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2 საჩივარი, როგორც პროკურორის ასევე ადვოკატის მხრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო მიხეილ სააკაშვილის ქონების ნაწილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა პროკურორმა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის ქონების იმ ნაწილის დაყადაღებას ითხოვდა, რაზედაც უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2014 წლის 01 სექტემბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინებით პროკურორის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების იმ ქონების ნაწილს, რომლის დაყადაღებაზეც უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი.
მოცემულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების გაფლანგვასთან, მის არამიზნობრივად განკარგვასთან დაკავშირებით. საქმის მასალებიდან გამომდინარე კი, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, სწორედ ამ პერიოდში (და მის შემდეგ) იქნა შეძენილი ზოგიერთი ქონება. ხოლო, ქონების ნაწილზე, რომელიც წარმოადგენს თავად ბრალდებულის და მისი მეუღლის საკუთრებას, კანონმდებლობა ადგენს ასევე საერთო უფლებას. ამასთან, ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიებას.
ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმაც მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის ქონება ნაწილობრივ იქნა დაყადაღებული. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2014 წლის 05 სექტემბერს.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ადვოკატს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.