მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი
"...რაც შეეხება მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე მიღებულ განჩინებას, იგი წარმოადგენს ცალკე პროცედურას და მისი გასაჩივრების წესი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ არის. თუკი დავუშვებთ, რომ აღნიშნული განჩინება საგამოძიებო კოლეგიაში საჩივრდება, მაშინ შესაძლებელია საჩივარი მხარის (როგორც ბრალდების, ისე დაცვის) მიერ შეტანილი იქნეს იმ შემთხვევაშიც, როცა მტკიცებულებათა ნაწილი დაუშვებლად იქნება ცნობილი, მაგრამ საქმე მაინც გადაიგზავნება არსებითად განხილვისათვის. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განხილვის საკანონმდებლო პროცედურები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი არ არის, ხოლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით გასაჩივრების მექანიზმის ახლებურად დადგენა და განმარტება დაუშვებელია. ამრიგად, როგორც მოქმედი კანონმდებლობიდან, ისე დღემდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე, საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრებას არ ექვემდებარება."
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება ნომერი: 1გ-71;
განჩინებაში განხილული თემებია:
• მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა;
• სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა წინასასამართლო სხდომაზე;
• აღკვეთის ღონისძიების გაუქმება;
• მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი.
განჩინებაში განმარტებულია:
• სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი (წინასასამართლო სხდომა).