რუბრიკის სტუმარი გახლავთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა კობერიძე
ბატონო კახა, გაგვაცანით თქვენი ოჯახი?
პასუხი: მამა, 20 წლის ვიყავი, რომ გარდამეცვალა. კარგი ადამიანი იყო. ცდილობდა შვილები ღირსეულად გავეზარდეთ. მან შემაყვარა ნადირობა, ბუნების სიყვარული, მინერგავდა კაცთმოყვარეობას.
მყავს შესანიშნავი დედა, ქალი, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მე და ჩემს უმცროს დას ნორმალური განათლება მიგვეღო, გზას არ ავცდენოდით.
მეუღლე - პროფესიით ექიმია, მაგრამ შვილების აღზრდით არის დაკავებული და არ მუშაობს. მყავს ოთხი შვილი - უფროსი გოგონა 19 წლისაა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, ტყუპები 16 წლის - ორი ბიჭი და ერთი გოგო. რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან.
პროფესიის არჩევას ან პირადი სურვილი განაპირობებს ან ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნა. თქვენს შემთქვევაში, რამ განაპირობა - ორი პროფესიის -არჩევა?
პასუხი: იმის მიუხედავად, რომ ოჯახის წევრებს ჩემთვის სულ სხვა პროფესია ჰქონდათ შერჩეული, ისინი არ ჩარეულან ეს მხოლოდ პირადი სურვილით იყო განპირობებული.
უნივერსიტეტის დამთვრებისთანავე საპასუხისმგებლო, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდით, მანამდე კი ყველაფერი სტაჟიორობიდან დაიწყო, დღევანდელი გადასახედიდან, როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს?
პასუხი: საპასუხისმგებლო იყო, მართლაც ყველაფერი ქ.რუსთავის პროკურატურის სტაჟიორობიდან დაიწყო. ვიყავი სტაჟიორ- გამომძიებელი, პროკურორის თანაშემწე. წელიწად ნახევარი ვიმუშავე გენერალურ პროკურატურაში და 25 წლის ასაკში ნინოწმინდის რაიონში დავინიშნე პროკურორად. ვიყავი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი. იუსტიციიის მინისტრის, შემდეგ გენერალური პროკურორის მოადგილე. პროკურატურაში ფაქტიურად ყველა საფეხური გავიარე, სადაც შეიძლება პროკურორმა იმუშაოს, იმ დროინდელი ყველა სტრუქტურა ჩემთვის ნაცნობი იყო.
თქვენს მეორე პროფესია-ჟურნალისტობაზე, რას გვეტყვით? ჟურნალისტურ წრეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ საინტერესო, უშუალო და სასურველი რესპოდენტი ბრძანდებით, გამოდის გეხმარებათ თქვენი მეორე პროფესია, მედიასთან ურთიერთობისას არა?
პასუხი: ორი პროფესია, ალბათ, ცოტა ხმამაღლა ნათქვამია. როგორც ყველა ქართველი მეც ცოტ - ცოტას ვწერდი. უნივერსიტეტში იყო იმის საშუალება, რომ პარალელურად საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე-ჟურნალისტიკის განყოფილებაზე მეორე სპეციალობით მესწავლა. მაინტერესებდა ეს სფერო.
მაშინ, დღევანდელისგან განსხვავებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე იდეოლოგიური პრინციპების მიხედვით გვასწავლიდნენ. თუმცა, მყავდა არაერთი კარგი ლექტორი, მათ შორის პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც შესანიშნავად ახერხებდნენ კომუნისტური დოგმებისაგან გადაეხვიათ და მოეცათ ჩვენთვის ის, რაც მართლა ფასეული იყო და რაც ჟურნალისტს ყოველთვის გამოადგება.
რაც შეეხება მედიასთან ურთიერთობას, რათქმაუნდა მეხმარება და რაც მთავარია, სტუდენტობისას კარგად ვისწავლე, რომ ჟურნალისტთან უნდა იყო მაქსიმალურად კორექტული, მსჯელობა უნდა იყოს არგუმენტირებული და მედიასთან ჩხუბი არ შეიძლება.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 დეკემბრის #872 განკარგულებით დაინიშნეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. საპასუხისმგებლოა თქვენი თანამდებობა, გვიამბეთ ამის შესახებ?
პასუხი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებიდან გამომდინარე, საბჭო არის სასამართლო რეფორმის წარმმართველი და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ძირითადი გარანტორი, ამიტომ ბუნებრივია, საბჭოს წევრობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.
იმ წრისთვის, ვისთვისაც ეს ინტერვიუ იწერება, ჩემი საქმიანობის შესახებ ცნობილია. დამატებით ვიტყვი, რომ რეფორმები, რაც დროის უმოკლეს პერიოდში სასამართლოში განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური, ასევე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის თვალსზრისით, მართლაც რომ უნიკალურია.
ბატონო კახა, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტაჟირების მსურველთათვის პერიოდულად ცხადდება კონკურსი, სტაჟიორები სათანადოდ არიან თუ არა მომზადებულნი?
პასუხი: საკმაოდ მომზადებულები არიან, ძალიან კარგი, მოტივირებული, ახალგაზრდობა მოდის.
არამარტო საბჭოში, ზოგადად სასამართლო სისტემაში, მოხელეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილი სტაჟიორია. თუ არა შერჩევის სწორი კრიტერიუმები, მათი კარგი მომზადება, პიროვნული და ზნეობრივი თვისებები, ბუნებრივია, ისინი ამას ვერ შეძლებდნენ.
ჩვენი თაობის სტუდენტებისაგან განსხვავაბით დიდი ინფორმაციული უზრუნველყოფა მათ საშუალებას აძლევს მიიღონ კარგი პროფესიული განათლება, რაც მთავარია თავისუფალი არიან იდეოლოგიური წნეხისაგან, იმ უსარგებლო საგნების სწავლისგან, რასაც ჩვენ საბჭოთა სისტემიდან გამომდინარე, გავსწავლიდნენ.
ეტაპობრივად ხდება სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი კადრების მიღება, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
პასუხი: კადრების შერჩევა როგორც წესი, მხოლოდ კონკურსის საფუძველზე ხდება. ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა, კრიტერიუმებიც გონივრულადაა შერჩეული, ვცდილობთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები მივიღოთ.
რა აუცილებელი თვისება გამოარჩევს მოსამართლეს, იურისტს სხვა პროფესიის ადამიანებისგან?
პასუხი: ზოგადად რა თვისებები უნდა ჰქონდეს მოსამართლეს, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ახალს ვერაფერს გეტყვით, თუმცა მოსამართლისთვისაც და ყველა იმ ადამიანისათვის, რომლისთვისაც განგებას სხვისი ბედის გადაწყვეტის უფლება მიუნიჭებია, ამოსავალი პოსტულატი უნდა იყოს ერთი: ,,არ მოექცეს სხვას ისე, როგორც არ გინდა რომ მოგექცნენ შენ“.
ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ იზრდება. ნაკლოვანებებიც არის, მაგრამ კარგი იმდენია გაკეთებული, რომ საზოგადოება ამას ნათლად ხედავს.
მოსამართლის ასაკი, 30 წელი, მცირე ხომ არ არის ამ საპასუხისმგებლო თანამდებობისათვის?
პასუხი: ახლა მოსამართლეები ინიშნებიან 28 წლიდან, შემდეგ დაინიაშნებიან 30 წლის ასაკიდან. ვფიქრობ, რომ ეს ოპტიმალური ასაკია. თუკი ადამიანი თავისთავზე მუშაობს, აქვს კარგი განათლება, პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა, იგი თავისუფლად შეძლებს მოსამართლის მოვალეობის შესრულებას.
მით უფრო, რომ დღეს მოსამართლეთა სწავლებას და მათი პროფესიული დონის სრულყოფას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
როგორ შეაფასებთ საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის პროცესს? რა შედეგებს უნდა ველოდოთ სასამართლო რეფორმის დასრულების შემდგომ?
პასუხი: სასამართლო რეფორმას დასასრული არა აქვს, ვერასდროს ვიტყვით რომ, რეფორმა მორჩა, ნაკლოვანებები აღარ გვაქვს, ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
რეფრმების ძირითადი ეტაპი მართალია დასრულებულია, მაგრამ ეს არის შეუქცევადი პროცესი, მუდმივად იქნება სრულყოფა, ოპტიმიზაცია, რადგან ამას ცხოვრება გვკარნახობს, რეფორმების გაგრძელების კვალობაზე კიდევ უფრო კარგ შედეგებს უნდა ველოდოთ, ვიდრე დღეს გვაქვს.
როგორ შეაფასებდით საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობას?
პასუხი; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა გამჭვირვალობითა და საჯაროობით ხასიათდება. ხშირად ვხვდებით არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლებს. მათთან ერთად განვიხილავთ ჩვენს გეგმებს, ვმსჯელობთ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსაზრებები ზოგჯერ განსხვავებულია, ამ ურთიერთობის პოზიტიური შედეგები თვალნათელია.
ცალკე აღსანიშნავია შესაბამისი პროფლის უცხოურ ორგანიზაციებთან ჩვენი მუშაობა, მათი დახმარებით არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა, ეს ურთიერთთანამშრომლობა წარმატებით გრძელდება.
ბატონო კახა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. გვიამბეთ უცხოური ქვეყნების გამოცდილებების შესახებ. საქართველოსთან მიმართებაში, რა პარალელის გავლებაა შესაძლებელი?
პასუხი; უცხოეური გამოცდილების გაზიარება აუცილებელია. მსოფლიოში არაერთი განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყანაა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლიანი მართლმსაჯულების უდიდესი ტრადიციებია. არის საკითხები, სადაც ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია საქართველოს რეალობისა და სპეციფიური საკითხების გათვალისწინება.
ჩემთვის ცნობილია თქვენი ბუნებასთან სიახლოვის შესახებ, ცოტა თქვენს ჰობზე - ნადირობაზე და მოგზაურობაზე ვისაუბროთ?
პასუხი; ნადირობა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მიყვარს ბუნება, ფეხით სიარული, ვნადირობ მეგობრებთან ერთად. ნადირობა აზარტია, ოღონდ ბრაკონიერი და მონადირე, ცა და დედამიწასავით გასხვავდება ერთმანეთისაგან.
მოგზაურობა თვალსაწიერის გაფართოების შესანიშნავი გზაა, არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სურვილი უფრო მეტის ნახვის მაქვს, როდესაც, უცხოეთში მივდივარ, სამსახურეობრივი მივლინებით ან სამოგზაუროდ, ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მივიღო იმ ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ, სადაც ყოფნა მომიხდება, ეს საშუალებას მაძლევს ყველაფერი რაციონალურად დავგეგმო.
ვიცი, რომ გიყვართ მხატვრული ლიტერატურა, თქვენი საყვარელი წიგნი ან პერსონაჟი, რომელია?
პასუხი: ძალიან მიყვარს კითხვა, 40 წლის განმავლობაში ბევრი მაქვს წაკითხული და ბევრის წაკითხვის იმედი მაქვს. ამისათვის ყოველთვის ვიცლი. საყვარელ წიგნს და პერსონაჟს ვერ გეტყვი, ვინაიდან ასეთი ძალიან ბევრია, რადგან სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა წიგნი და პერსონაჟი გვხიბლავს.
თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე კაცობრიობის პროგრესი გამორიცხულია, ამის მიუხედავად, წიგნი ყოველთვის თავის ღირსეულ ადგილს დაიკავბს, მე ვერ წარმომიდგენია მომავალი წიგნის გარეშე. თავისდროზე ამბობდნენ, კინემატოგრაფი გამოაძევებს თეატრსო და ეს არ მოხდა, იგივე მდგომარეობაა წიგნთან დაკავშირებითაც.
ტრადიციებს რამდენად იცავთ?
პასუხი; ამომწურავი ნათქვამია, რომ ,,აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. ფესვების გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. ჩვენ ბევრი საოცრად კარგი ტრადიცია გვაქვს, რასაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ზოგი ე.წ. ,,ტრადიცია“ ქართველისათვის დამახასიათებელი არასოდეს ყოფილა და საუკუნეების მანძილზე დამპყრობელთაგან თავს მოხვეული ,,სიკეთეა“.
ბატონო კახა, მეგობრები და კოლეგები სუფრაზე ხშირად თამადად გასახელებენ, რადგან თქვენს მიერ წარმართული სუფრა ტრადიციული სადღეგრძელობების გარდა, იუმორითა და საინტერესო ამბების მოყოლით გამოირჩევა, რას გვეტყვით ამის შესახებ?
პასუხი: თამადობა არ მიყვარს, თუმცა ზოგჯერ მიწევს, ამბობენ, რომ ნორმალურად გამომდის. ვცდილობ, სუფრის წევრები არ გადავღალო. გულწრფელად რომ გითხრათ, ხანგრძლივი ღრეობისა და საათნახევრიანი სადღეგრძელოებისათვის არც დრო მემეტება და ეს სიამოვნებასაც არ მანიჭებს, თუმცა მეგობრებთან ერთად ზომიერი მოლხენის მომხრე, განსაკუთრებით ბუნებაში, ნამდვილად ვარ.
იუმორის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია, ბევრ რამეს, ხშირად საკუთარ თავსაც, იუმორით თუ არ შეხედე, ჩვენი არსებობა მეტისმეტად უღიმღამო და მომაბეზრებელი გახდება, თუმცა, როგორც ყველაფერში, ზომიერება აქაც აუცილებელია.
წარმოშობით რაჭიდან ბრძანდებით, ვიცი, რომ ძალიან გიყვართ ეს ლამაზი კუთხე, გვიამბეთ ამის შესახებ?
პასუხი: რაჭა უსაზღვროდ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ყოველ არდადეგებზე, რაჭაში დავდიოდი, საოცრად თბილ და მოსიყვარულე ბებია-ბაბუასთან, დღეს წელიწადში 2-3 დღით თუ მოვახერხებ ჩასვლას, სამაგიეროდ ტრადიციას ჩემი ოჯახის წევრები აგრძელებენ. ჩემს სოფელში საოცრად კარგად ვგრძნობ თავს, ახლობლებთან და ბავშვობის მეგობრებთან ერთად.
როგორ ანაწილებთ დროს?
პასუხი: მაქსიმალურად რაციონალურად , ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, ბევრი რამე დავგეგმო, ძირითადად გამომდის, სხვაგვარად, ჩემი რეჟიმის მქონე ადამიანი ვერც საქმის კეთებას შეძლებს და ვერც თავისუფალი დროის გამოძებნას.
ჟურნალისტი ნათია ვასაძე