შედგე მოსამართლე, ამისათვის საჭიროა პირველ რიგში აცნობიერებდე რა არის მოსამართლეობა
დღევანდელი რუბრიკის ,,კვირის სტუმარი“ გახლავთ თბილის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ქალბატონი თამარ ალანია.
როგორია ქალბატონი თამარი მანტიის გარეშე? რა უყვარს? როგორ ანაწილებს დროს სამსახურსა და ოჯახისთვის? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს შემოთავაზებული ინტერვიუდან შეიტყობთ.
კითხვა: მოგესალმებით ქალბატონო თამარ, პროფესიის არჩევას ან პირადი სურვილი განაპირობებს ან ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნა. თქვენს შემთქვევაში, რამ განაპირობა ეს არჩევანი?
პასუხი: პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სასაუბროდ მოწვევისათვის.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, როგორც მოგეხსენებათ ”ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ბუნებრივია ჩემზეც დიდი როლი სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა. ტრადიციას საფუძველი მამის მამამ ჩაუყარა, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. ბაბუის არჩევანი მამამაც გაიზიარა.
პატარა ვიყავი მაგრამ კარგად მახსოვს თუ როგორი სიამაყით ყვებოდა მამა რატომ აირჩია იურისტობა და როგორ სურდა გამხდარიყო ამ ღირსეული და საპატიო პროფესიის მიმდევარი. მამა 1989 წელს ტრაგიკულად დაიღუპა, მისი გარდაცვალება მის პროფესიას უკავშირდება. მიუხედავად ამისა ჩემი სურვილი ვყოფილიყავი მოსამართლე უფრო დიდი იყო ვიდრე იმის გააზრება თუ რამდენად მძიმეა სამოსამართლეო საქმიანობა.
კითხვა: გვიამბეთ იმ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობის შესახებ, რაც იურისტობიდან მოსამართლეობამდე განვლეთ.როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?
პასუხი: 1999 წელს დავიწყე მუშაობა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კადრების დეპარტამენტის სტაჟიორ პროკურორად. 2000-2004 წლებში ვმუშაობდი სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს სტაჟიორ პროკურორად, შემდეგ პროკურორად. ამ პერიოდში ყოველდღიური ურთიერთობა მიწევდა სასამართლოსთან, რადგან მონაწილეობას ვღებულობდი სისხლის სამართლის საქმეებზე როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი.
2004 წელს დავინიშნე გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სახელმწიფოებრივი დევნის სამსახურის პროკურორად სადაც ვიმუშავე 2006 წლამდე.
პროკურორად მუშაობის პერიოდი იყო საინტერესო, რადგან მივიღე პროფესიულად მნიშვენლოვანი გამოცდილება და შევიძინე საჯარო მოხელის უნარჩვევები.
კითხვა: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კარგი იურისტისგან მოსამართლე, როგორი უნდა იყოს მოსამართლე?
პასუხი: ძნელია ერთი სიტყვით თქვა როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რადგან ის რამოდენიმე უნარის სინთეზია. პლატონის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ ეს არის ადამიანი, რომლიც ”ახერხებს საკუთარი თავის მოთოკვას, აწესრიგებს თავს და საკუთარი თავის მეგობარი ხდება, რითიც აღწევს გამჭრიახობის და მოწესრიგებულობის ერთიანობას”
შედგე მოსამართლე ამისათვის საჭიროა პირველ რიგში აცნობიერებდე რა არის მოსამართლეობა, შემდეგ დასახო გზა ამ მიზნისკენ მიმავალი და იმუშაო შენს თავზე ყოველდღიურად, ამ დროს აუცილებელია იყო თვითკრიტიკული, ისმენდა ყველა ადამიანის აზრს და ისე განსჯიდე.
კითხვა: რა აუცილებელი თვისება გამოარჩევს მოსამართლეს სხვა ადამიანისაგან?
პასუხი: გარდა იმისა, რომ მოსამართლე საზოგადოებაში არის მორალური და ზნეობრივი მაღალი ღირებულებების მიმდევარი ის ასევე საერთო სიკეთის მსახურია.
კითხვა: ქალბატონო თამარ, მოსამართლეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რას გრძნობთ როდესაც სასამართლო დარბაზში შედიხართ და გადაწყვეტილებას აცნობთ მხარეებს?
პასუხი: სათათბირო ოთახში, გადაწყვეტილების გამოცხადების წინ, ყოველთვის ვფიქრობ 1 - გადაწყვეტილების კანონიერებაზე, 2 - სამართლიანობაზე 3 - ავუხსნა მხარეს მისთვის გასაგები ენით თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
კითხვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოში თქვენ იხილავთ როგორც სამოქალაქო საქმეებს, (პატივი-ღირსება, ქონებრივი დავები, საოჯახო და მემკვიდრეობითი დავები და ა.შ. ) ასევე სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეებს, ძირითადად დატვირთვა რა კატეგორიის დავებზეა?
პასუხი: დიახ, დღეის მდგომარეობით ვიხილავ როგორც სისხლის სამართლის ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებს. ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ გასულ წლებთან შედარებით სისხლის სამართლის საქმეეთა რაოდენობამ იკლო, ხოლო შემოსულ საქმეებში ჭარბობს ეკონომიური ხასიათის დანაშაული. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კატეგორიის საქმეებში დიდი ადგილი თაღლითობას უკავია, რაც ხშირად სასესხო ვალდებულებებს უკავშირდება. პარალელს თუ გავავლებთ სამოქალაქო საქმეებთან ვნახავთ, რომ ამ დარგში საქმეთა რაოდენობამ იმატა, რაც თავის მხრივ საზოგადოების სამართლებრი დონის ამაღლებისა და სასამართლოსადმი ნდობის მაჩვენებელია.
კითხვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოში რამდენად ხშირია პროცესი, რომელიც მორიგებით დამთავრებულა?
პასუხი: მოგეხსენებათ სააპელაციო სასამართლო მეორე ინსტანციის სასამართლოა. მხარეები რომლებმაც ერთი ინსტანცია გაიარეს და ვერ შეძლეს მორიგება რთულია მოარიგო, მაგრამ ხშირად მოსამართლის კვალიფიციური განმრტების ფონზე მიიღწევა მხარეთა მორიგება.
კითხვა: ქალბატონო თამარ, რაც შეეხება არასრულწლოვანთა დანაშაულს, რა განსაზღვრავს მოზარდის სრულფასოვან ჩამოყალიბებას?
პასუხი: მოზარდის აღზრდა მისი დაბადების წუთებიდან იწყება, ის სუფთა დაფაა, რასაც დავწერთ იმას წავიკითხავთ. აღზრდის პროცესი საკმაოდ რთულია, წესები ხშირად გადახედვას საჭიროებს, რადგან ის რაც იყო სტანდარტი რამოდენიმე წლის წინ ბავშვისათვის, დღეს შეიძლება მიუღებელი იყოს. მაგრამ ყველა დროის ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვან ფაქტორს მშობლების სიყვარული და პატივისცემა განსაზღვრავს, როგორც ბავშვის ისე ერთმანეთის მიმართ.
კითხვა: რა გარემო ფაქტორი უნდა შეუქმნათ მოზარდს, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული?
პასუხი: ბავშვის აღზრდის პროცესში უმნიშვნელოვანესია ორი ფაქტორი პირველი მზრუნველობა და მეორე კონტროლი. ამ ფაქტორების განხორციელების ხარისხის მიხედვით ვღებულობთ აღზრდის შედეგებს, მკვეთი დისბალანსის შემთხვევაში ვხვდებით სწორედ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს.
ამდენად, ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად როგორც ოჯახი ისე სკოლა აქტიურად უნდა იქნეს ჩართული მოზარდის აღზრდაში. მუდმივი კავშირი უნდა იყოს მათ შორის, პრობლემის აღმოჩენისთანავე უნდა მოხდეს მისი გადაწყვეტა და არა მოშორება. მოზარდობის განსაკუთრებით 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდების ფსიკა მიმართულია გააარკვიოს თუ ვინ არის, რა დროსაც ცდილობს თავის თავის იდენტიფიკაციას სხვადასხვა პირებთან. ამ ასაკში მნიშვნელოვანია მოზარდის ირგვლივ მყოფი პირების ავტორიტეტულობა.
რთული ქცევის მქონე მოზარდთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის რჩევების გათვალისწინება, ასევე დადებითად მოქმედებს სპორტული აქტივობით მოზარდის დაკავება.
კითხვა: იმის გარდა, რომ განიხილავთ სასამართლო პროცესებს, ბრძანდებით სპიკერი-მოსამართლე, ხშირად გიწევთ ამ მოვალეობის შესრულება - რამდენად რთულია?
პასუხი: ისაუბრო კამერის წინ ეს ყველა ადამიაში გარკვეულ მღელვარებას იწვევს, არც მე ვარ გამონაკლისი. ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულყოფილად შევასრულო, არ ვიფიქრო კამერაზე, მოვახდინო სათქმელზე კონცენტრირება და 22 წამში (ეღიმება) ვთქვა ისეთი რამ რასაც ნებისმიერი ადამიანი ადვილად აღიქვამს. რთულია, მაგრამ ვარჯიშით მიიღწევა.
კითხვა: საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების ასათვისებლად რამდენად მზად არიან მოსამართლეები?
პასუხი: სასამართლო რეფორმა გრძელდება და ახალი ეტაპი სწორედ სამოსამართლეო ეთიკის ზედმიწევნით დაცვა და განხორცილებაა. რეფორმის წინა ეტაპებს თუ გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ ის პერიოდი სასამართლომ წარმატებით გაიარა. ვფიქრობ, ამ ეტაპზეც მოსამართლები მზად არიან თავის თავზე მუშაობის შედეგად გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევას.
კითხვა: ბუნებრივია, მძიმე და დატვირთული დღის მიუხედავად ყველა ადამიანს ჭირდება განტვირთვა, თქვენ, როგორ ახერხებთ ამას?
პასუხი: შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფსიქოლოგიურ განტვირთვას ძალიან ადვილად ვახერხებ. ოჯახი ეს არის ადგილი სადაც ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით მელოდებიან, იქ ისევ თავიდან უნდა დავიხარჯო, ამდენად საღამოს დატვირთული დღის სტრესი მოხსნილი მაქვს.
რაც შეეხება დაღლილობისაგან თავის დაღწევას ამას ცხელი ყავის და ჯაზის მოსმენით ვახერხებ.
კითხვა: რა არის თქვენი ჰობი?
პასუხი: კულინარია, ამ ბოლო ხანებში ხშირად მიწევს ახალ-ახალი კერძების გამოგონება და როგორც მეუბნებიან გემრიელი გამოდის (ეღიმება).
მოგზაურობა ახალი სუნთქვაა, ძალიან მიყვარს. არცთუ ცოტა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ყველა მათგანი გარკვეული თავისებურებით შეიძლება დაახასიათო და რაღაცით შეიყვარო კიდეც. გამოვარჩევდი ალბათ ესპანეთს, კეძოდ, კატალონიას, რომლის კულტურა, ტრადიციები, გეორგრაფიული ადგილმდებარეობა, კლიმატი ადამიანში დადებით ემოციებს იწვევს.
კითხვა: ქალბატონო თამარ, ყოველი ახალი წელი ახალი შემართებით გვავსებს, ძველი წლები კი უბრალოდ კარგი მოსაგონარია, რას გაიხსენებდით ?
პასუხი: ცხოვრების მანძილზე ბევრია ლამაზი მოსაგონარი ამბავი, მაგრამ ჩვმთვის ერთ-ერთი ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემი მოსამართლედ დანიშვნის დღე, როდესაც პირველმა, ოჯახის წევრების შემდეგ, მოსამართლედ გახდომა მამას უახლოესმა მეგობარმა მომილოცა.
ჟურნალისტი ნათია ვასაძე