მიყვარს საქმე, რომელსაც ვემსახურები, სამსახურეობრივი გარემო თვითრეალიზების საშუალებას მაძლევს
რუბრიკით - ,,კვირის სტუმარი“ - ვცდილობთ, შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ საინტერესო ადამიანები, რომელთა შესახებ ბევრი რამ, ვფიქრობთ, არ იცით. დღეს სტუმრად გვყავს ახალგაზრდა, რომელმაც თავის ასაკთან შედარებით ბევრის გაკეთება შეძლო.
მას მიაჩნია, რომ ადამიანისათვის არსებითია იყოს თავისუფალი, ხოლო ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია. სკოლისა და სტუდენტობის წლებში სწავლის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა ადგილას - მშენებლობაზე, კურიერად, ინგლისური ენის კერძო მასწავლებლად, ბანკში მოლარე-ოპერატორად და ა.შ.
მუდმივად სიახლის ძიებაშია, თვლის, სხვაგვარად ცხოვრება უინტერესოა. უყვარს საქმე, რომელსაც ემსახურება. რაც შეეხება მის პროფესიას - იურისტობას, თვლის, რომ ,,იურისპრუდენცია ადამიანის დარღვეული უფლების აღდგენის ხელოვნებაა". დღევანდელი გადასახედიდან მიაჩნია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.
ჩვენი სტუმარი გახლავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი უჩა თოდუა.
დანარჩენზე თავად გვესაუბრება.
კითხვა: უჩა გვიამბე თქვენს შესახებ?
პასუხი: გამარჯობათ.
მე ვარ უჩა თოდუა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი. 24 წლის. პროფესიით იურისტი. დამთავრებული მაქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. სასამართლოში ვმუშაობ 2009 წლის იანვრიდან. მყავს ძალიან კარგი მშობლები და ორი ძმა.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ კვირის სტუმრად მოწვევისათვის.
კითხვა: გვიამბე ბაღის, სკოლის და სტუდენტობის წლებზე?
პასუხი: ბაღში არ მივლია. მე-4 კლასამდე ვსწავლობდი თბილისის 61-ე საშუალო სკოლაში. შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავედი ზუგდიდში, სადაც ჯერ ვსწავლობდი პირველ გიმნაზიაში, შემდეგ კი ეროვნულ სკოლაში. იმ ჩვეულებისაგან განსხვავებით, როცა ბავშვები საწყის კლასებში კარგად სწავლობენ, მაღალ კლასებში კი ნელ-ნელა უფუჭდებათ ნიშნები, ჩემ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა – მე-5 კლასამდე ცუდად ვსწავლობდი, შემდეგ წლებში კი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე გავხდი. სკოლის წლებთან დაკავშირებით მსურს აუცილებლად ვახსენო ეროვნული სკოლის დირექტორი, ბატონი ზურაბ კუპრეიშვილი, რომელიც ისტორიას მასწავლიდა. ეს ადამიანი ძალიან წესიერ, მონდომებულ და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ პიროვნებად დარჩა ჩემს მეხსიერებაში. იგი ეხლაც გულმოდგინედ ემსახურება საყვარელ საქმეს – ზუგდიდის მე-10 სკოლის დირექტორია. მსურს ასევე მადლობა გადავუხადო სხვა ღირსეული მასწავლებლებს, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს და შემაყვარეს.
სტუდენტობამ ბევრი კარგი ადამიანი შემძინა, მეგობრად და ნაცნობად. ვიყავი აქტიური სტუდენტი, ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო რაც შეიძლება ბევრ იმიტირებულ პროცესში, კონკურსში და ოლიმპიადაში. გართობის მხრივ, მახსოვს პირველ კურსზე 50 ლარად ერთი კვირა დავისვენე ბათუმში (ეღიმება).
სკოლისა და სტუდენტობის წლებში, სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, მშენებლობაზე, კურიერად, ინგლისური ენის კერძო მასწავლებლად, ბანკში მოლარე-ოპერატორად და ა.შ. მიმაჩნია, რომ ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყოს თავისუფალი. სხვისი ფინანსებით კი თავისუფალი ვერასოდეს გახდები.
კითხვა: იურისტობა როდის გადაწყვიტეთ?
პასუხი: არ მახსოვს ბავშვობაში რას ვპასუხობდი უფროსების კითხვაზე რა გინდა გამოხვიდეო, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს იურისტობა არ იყო (ეღიმება).
მისაღებ გამოცდებზე ისტორიული ფაკულტეტის არჩევა მინდოდა, მაგრამ მშობლების რჩევით იურიდიულზე ჩავაბარე და მას აქეთ ამ რჩევისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ.
ბავშობიდან ვერ ვიტანდი უსამართლობას. იურისპრუდენცია ადამიანთა დარღვეულ უფლებებში აღდგენის ხელოვნებაა. შესაბამისად, ამ გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
კითხვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყე სტაჟიორობიდან და დღეს თავმჯდომარის ბიუროში კონსულტანტად მუშაობ, გვიამბე შენი საქმიანობის შესახებ?
პასუხი: თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟიორად მოვედი. 8 თვე ვიყავი სტაჟირებაზე მოსამართლე პაატა ქათამაძესა და მის თანაშემწე მარიამ გობეჯიშვილთან. სტაჟირების დასრულების შემდეგ, როგორც მახსოვს დეკემბრის თვეში დილის 10 საათი იქნებოდა როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ 12 საათზე გასაუბრებაზე ვიყავი დაბარებული. კარგად მახსოვს, თავიდან ვიფიქრე, რომ არ წავიდოდი, ვერ მოვასწრებ მეთქი, შემდეგ კი თავს ძალა დავატანე დანიშნულ დროს მივედი. ამ გასაუბრებამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად დადებითი პოლუსისაკენ მოატრიალა.
როგორც თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი, ჩაბმული ვარ სასამართლოს რეფორმის პროცესში, ვმუშაობ სხვადასხვა თემებზე და მაქსიმალურად ვცდილობ ჩვენი სასამართლო უფრო თანამედროვე და წარმატებული გახდეს.
კითხვა: უჩა არაერთ პროექტში იყავი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კრეატიული აზროვნებისათვის 29 ახალგაზრდა გამოავლინა მათ შორის შენ, გვიამბე, შენს მიერ წარმოდგენილი პროქტის შესახებ?
პასუხი: ძალიან მიყვარს სიახლეები, ანიდან ჰოემდე, ყველაფერში რაღაც ახალს ვეძებ. სხვაგვარი ცხოვრება უინტერესო იქნებოდა ჩემთვის. ხანდახან ეს თვისება ბუმერანგივით მიბრუნდება და დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად საკუთარი თავზე გამარჯვება მიწევს.
წელს, აპრილის თვეში, ბატონი ვალერი ცერცვაძის ინიციატივით, სასამართლომ შესაძლებლობა მისცა მის მოხელეებს გამოეთქვათ მათი კრეატიული იდეები. გამარჯვებული გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში და მათ თავმჯდომარის პირადი მადლობა და სხვადასხვა საჩუქრები მიიღეს.
გამარჯვებულთა შორის ვიყავი მეც, ჩემი იდეით სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის შესახებ. აღნიშნული პროექტი წარმატებით ხორციელდება და დღითიდღე ვითარდება.
კითხვა: თბილისის სააპელაციო სასამართლო მუშაობს მრავალ ინოვაციურ პროექტზე. შექმნილია საქმეთა მართვის, ელექტრონული ბიბლიოთეკის, სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის, სასამართლოს საქმიანობის შეფასების პროგრამები. სასამართლოს მომხმარებელს როგორ შეუძლია ამ პროგრამებით სარგებლობა?
პასუხი: მიმაჩნია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები ჩვენი ხვალინდელი დღეა. რაც უფრო მეტი პროცესი და სერვისი გადავა ავტომატიზებულ რეჟიმში, მით უფრო სწრაფი და ხარისხიანი იქნება მართლმსაჯულება.
დიახ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურომ და მთლიანად ჩვენმა სასამართლომ მრავალი უნიკალური და ინოვაციური სერვისი შესთავაზა მოქალაქეებსა და სხვა მოხელეებს. ინტრანეტის გვერდის მარცხენა მხარეს განთავსებული არის ყველა იმ პროგრამის ბანერი, რომელიც სასამართლოში მოქმედებს. შესაბამისად, არც ჩვენ და არც სხვა მოხელეებს აღარ სჭირდებათ ყველა პროგრამის სახელით და მისამართით ცნობა, საკმარისია შეხვიდეთ ინტრანეტზე და იქიდან ნებისმიერ მათგანში შეძლებთ შესვლას.
კითხვა: თბილისის სააპელაციო სასამართლო ერთ-ერთი პირველი სასამართლოა, რომელმაც თავისი გვერდი შექმნა Google-ზე, ამის შესახებ რას გვეტყვი? რა სახის ინფორმაცია თავსდება აღნიშნულ გვერდზე?
პასუხი: მართლმსაჯულებაზე საუბრისას დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების პარალელურად უფროდაუფრო წინ იწევს ანგარიშვალდებულების საკითხი. სასამართლო ანგარიშვალდებულია იმ სოციუმის წინაშე, რომელშიც ოპერირებს. შესაბამისად, საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს რა პროცესების მიმდინარეობს სასამართლოში, რა სიახლეებია, რა უმჯობესდება და ა.შ. ამ და სხვა ინფორმაციის გავრცელების ყველაზე ეფექტურ საშუალებად კი ბოლო დროს იქცა ისეთი სოციალური ქსელები, როგორიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Google პლუსი. ამასთან, სოციალური ქსელები უზრუნველყოფს იმას, რომ სასამართლო ხდება უფრო უშუალო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, მოვიშველიებ Facebook-ის ტერმინოლოგიას, სასამართლოს ყველას „მეგობარი“ ხდება.
კითხვა: დიალოგის პროგრამა, სასამართლოს ელექტრონული ბიბლიოთეკა აღნიშნული პროგრამების შესახებ რას გვეტყვი?
პასუხი: დიალოგის პროგრამის გამოყენებით სასამართლო შესაძლებლობას აძლევს, როგორც მოქალაქეებს, ისე თავის მოხელეებს დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, იდეები, პრობლემები და შეფასებები. დიალოგის პროგრამის დახმარებით სასამართლო ახდენს აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებას, შემდეგ კი რეაგირებს სათანადოდ. ზოგადად, დიალოგი სოციალური სასამართლოს კონცეფციის ნაწილია. სოციალური სასამართლოს არსებობის პირობებში ნებისმიერი პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს განვითარებაში.
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა შეიცავს ელექტრონულ და მატერიალურ ლიტერატურას. ელექტრონული ლიტერატურის შემთხვევაში მკითხველს შეუძლია გაეცნოს მის შინაარსი სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ხოლო მატერიალური ლიტერატურის შემთხვევაში მკითხველი იგებს, თუ რომელ ბიბლიოთეკაში ინახება მისთვის საინტერესო ნაწარმოები, შემდეგ კი ფიზიკურად აკითხავს შესაბამის ბიბლიოთეკას. ამჟამად, სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას 1600-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და მასში 12000-ზე მეტი წიგნი, სტატია, კრებული და მულტიმედიური ფაილები არის განთავსებული.
კითხვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოა მოწინავე, რომელმაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში შექმნა შიდა კორპორატიული მოხმარების ქსელი - ინტრანეტი, რა დატვირთვა აქვს ამ გვერდს?
პასუხი: ბოლო ათწლეულების მანძილზე ინტრანეტი ყველა თანამედროვე კორპორაციისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროგრამად იქცა.
ინტრანეტი შიდა საინფორმაციო პორტალია. ინტრანეტი ხელმისაწვდომია მხოლოდ სასამართლოს მოხელეებისათვის. ინტრანეტის გამოყენებით სასამართლოს მოხელეები იგებენ სიახლეებს, ეცნობიან სამართლებრივ აქტებს, ერთვებიან სოციალურ პაკეტებსა და აქტივობებში და ა.შ. ინტრანეტის მიზანია შექმნას უფრო უშუალო გარემო მოხელეთა ინტერაქციისა და კოლაბორაციისათვის.
ინტრანეტის შექმნით ჩვენ განვავითარეთ იდეით, იმის შესახებ, რომ რომ სასამართლოს ყველა მოხელე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ უწყებაში ან თანამდებობაზე არის დასაქმებული, უნდა სარგებლობდეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თანაბარი უფლებით.
კითხვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიქმნა განათლებისა და კვლევის ჯფუფი, რომლის ერთ-ერთი ტრენერი თავად ხარ. რას ემსახურება ეს ჯგუფი, ვინ არის მის შემადგენლობაში, ვისთვის ტარდება აღნიშნული ტრენინგები და ვის აქვს მონაწილეობის მიღების უფლება?
პასუხი: განათლებისა და კვლევის ჯგუფის მიზანია ტრეინინგების მეშვეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს მოხელეთა განგრძობად პროფესიულ განათლებას. თანამედროვე სამყაროში, სადაც ორგანიზაციების უმეტესობამ უკვე მიაღწია პროდუქტიულობასა და ხარისხს განსაზღვრულ დონეს, ინოვაციურობა და განათლება არის ის კაპიტალი, რითიც შეგიძლია მოიპოვო და შეინარჩუნო პირველობა თანასწორთა შორის. ჯგუფის წევრების მიზანი სწორედ ამ კაპიტალის გამრავლებაა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგი განსხვავდება ლექციისაგან. ლექცია აქცენტს აკეთებს ცოდნის ერთი მიმართულებით, ლექტორიდან მსმენლისაკენ, გადაცემაზე; ტრენინგი კი ფოკუსირებულია ინტერაქციაზე და ორმხრივად, როგორც ტრენერის, ისე მსმენელისათვის, აქტიური და შემოქმედებითი პროცესია.
ჩემ გარდა ჯგუფის წევრები არიან: თამარ ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ნინო მელაძე, ლევან გორელაშვილი, იოსებ ვარძელაშვილი და გიორგი ქებურია. ჯგუფის წევრებს გავლილი აქვთ ტრენერის სასწავლო კურსი, ე.წ. TOT და უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ მოხელეთა სწავლების კუთხით. ამჟამად ვატარებთ შემდეგ ტრეინინგებს: კონფლიქტური სიტუაციების მართვა, მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტანდარტები, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, სამართლებრივი მართლწერა და პროგრამები Outlook-ი და Communicator-ი. სამომავლოდ ტრეინინგების კატალოგი გაიზრდება. ამასთან, ვგეგმავთ დისტანციური სწავლების სისტემის ამოქმედებას, რათა ტრეინინგში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სასამართლოდან იყოს შესაძლებელი.
კითხვა: უჩა, სტუმრობდი გერმანიას, აშშ-ს, ჰოლანდიას.. . გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილება, გამოცდილება და პრაქტიკა რაც აღნიშნულ ქვეყნებში სტუმრობისას მიიღე?
პასუხი: დიახ, სამსახურეობრივი მივლინებით სხვა კოლეგებთან ერთად ვსტუმრობდი ბერლინს, მაასტრიხტს, ვაშინგტონს და პორტლენდს, ორეგონის შტატში.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყობა შენს ქვეყანაში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო, უცხოეთში კი შენი ქვეყნის. თითოეული ამ ვიზიტისას ვცდილობდი, ამ პრინციპით მეხელმძღვანელა და ჩვენი ქვეყანა საუკეთესო სახით წარმომედგინა. დაუზარებლად ვუხსნიდი თითოეულ უცხოელს ვინ ვართ, რა შეგვიქმნია და რომ რუსები არ ვართ (ეღიმება).
თითოეულ ამ ქვეყანაში ვიზიტისას გამალებით ვცდილობდი მეპოვა ისეთი თემები, რაც ჩვენთანაც ისევე ეფექტურად იმუშავებდა, როგორც მათთან მუშაობს. თოთოეულმა ამ ქვეყანამ გაამდიდრა ჩემი თვალსაწიერი და იდეების ყუთი. ჩვენი ბევრი პროექტი სწორედ უცხოეთში მიღებული გამოცდილების გაზიარებით განხორციელდა.
საინტერესოა, რომ მიუხედავად გლობალიზაციისა, ადამიანები თითოეულ ამ ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებულები არიან. ბერლინი და ვაშინგტონი თავისი სიძველით და სიდიადით, მაასტრიხტი ვიწრო ქვაფენილებით, დაბალი სახლებითა და აურაცხელი ველოსიპედებით, პორტლენდი თავისი თანამედროვეობითა და სტარბაქსით ჩემში მოგონებების შესანიშნავ ნაკრებს ქმნის.
კითხვა: დღის განმავლობაში დაკავებული ხარ. ოჯახის წევრები, როგორ ეგუებიან შენს დატვირთული დღის განრიგს?
პასუხი: მიყვარს საქმე, რომელსაც ვემსახურები, სამსახურეობრივი გარემო თვითრეალიზების საშუალებას მაძლევს. შესაბამისად, სიამოვნებით ვუთმობ დამატებით დროს ჩემს საქმეს. ჩემი ოჯახის წევრები შეგუებული არიან ჩემს არყოფნას.
სხვათა შორის, დროის მართვა ცალკე ტრეინინგის თემაა და მასზე დასწრება ყველას გამოგვადგებოდა.
კითხვა: გატაცებული ხარ ძველი კოლხეთის ისტორიით, არქეოლოგიით, თანამედროვე ტექნოლოგიებით ძალიან საინტერესო გატაცება გაქვს, გვიამბე ამის შესახებ?
პასუხი: ხომ საინტერესო კონტრასტია, ისტორია და თანამედროვე ტექნოლოგიები (ეღიმება).
ისტორია ყოველთვის მიყვარდა. განსაკუთრებით, ძველი კოლხეთის ისტორია. მქონდა ჩემი თეორიაც, თუ სად უნდა ყოფილიყო მისი დედაქალაქი (ეღიმება). ეს სიყვარული დღემდე გამომყვა.
რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეს ჰობი ჩემი სამსახურის ნაწილად იქცა უკვე. ხუმრობით იურისტ-პროგრამისტსაც მეძახიან.
კითხვა: შენი ჰობის - რაგბისა და ჩოგბურთის შესახებ რას გვეტყვი?
პასუხი: დიახ, მიყვარს რაგბი, ძირითადად საყურებლად (ეღიმება).
ჩოგბურთი, ალბათ, იმიტომ მიყვარს, რომ ინდივიდუალური სპორტია. თამაშის შედეგი პირადად შენზეა დამოკიდებული და სხვების შესაძლებლობებში საკუთარ ნაკლს ვერ დამალავ. შესაბამისად, გიწევს მაქსიმალურად კარგად იყო მომზადებული.
კითხვა: ბოლოს, რას უსურვებდი შენსავე კოლეგებს?
პასუხი: ჩემს კოლეგებს ვუსურვებ დამსახურებულ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში. ჩემთვის დიდი პატივია მათთან ერთად ჩვენი სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში მონაწილოება.
ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.