არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
,,სასამართლომ და სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ის, რომ არასრულწლოვანი საზოგადოების ჯგუფის წევრს წარმოადგენს, მისი განვითარება დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მათი ზეგავლენის ერთგვარი შედეგია, ხოლო თავად არასრულწლოვანი ძალიან მგრძნობიარეა მის გარშემო არსებული ემოციური კლიმატის და მიმდინარე მოვლენების მიმართ. ზოგადად, არასრულწლოვან დამნაშავეებს, გამონაკლისის გარდა, სრულწლოვან დამნაშავეთაგან განსხვავებით, არ შეუძლიათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხარისხის მთლიანად სრულყოფილად გაცნობიერება, რაც ზოგიერთი მოზარდის მცირე ასაკის ან არასაკმაო ინტელექტუალური მომზადების ან გამოუცდელობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ (სასამართლომ, პროკურატურამ) პოზიტიური როლი ითამაშოს არასრულწლოვანი დამნაშავე პირების ხელახალი აღზრდისათვის ხელის შეწყობასა და მათი რესოციალიზაციის მიზნით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება (რომელიც მართალია არის სავსებით კანონიერი ქმედება იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც მიაღწია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩაიდინა დანაშაული) და აღკვეთის ღონისძიების ეტაპზე კონკრეტული ფორმის შერჩევა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და გამოყენებული, ნებისმიერი ღონისძიება ყველა შემთხვევაში იყოს მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების თანაზომიერი (პროპორციული), ხოლო უპირატესობა ყოველთვის მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას, რათა უპირველესად გათვალისწინებული იქნას არასრულწლოვნის მომავალში სათანადოდ აღზრდისა და მისი საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბების შესაძლებლობა."
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძის 2015 წლის 25 თებერვლის განჩინება 1გ/178-15.
განჩინებაში მოსამართლე განმარტავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლს (აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი).