განცხადება რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით
თბილისის სააპელაციო სასამართლო ეხმაურება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას და განვმარტავთ შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ვალდებულია მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებისთვის გადასაცემად. აღნიშნული ვალდებულება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ შეასრულა 12 დღის ვადაში, რითაც სრულად დაიცვა კანონის მითითებული მოთხოვნა.
2591-ე მუხლი, რომელზეც მხარის მიერ ხდება მითითება, წარმოადგენს სპეციალურ მუხლს, სადაც განსაზღვრულია მხარის მხოლოდ ვალდებულება გამოცხადდეს სასამართლოში არაუადრეს 21 და არაუგვიანეს 30 დღისა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად და თუ იგი თავს აარიდებს ამ მოვალეობას გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად და დაიწყება ვადის ათვლა 30 დღიდან. 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს თუ რა კატეგორიის მხარეებთან მიმართებაშია ვალდებული სასამართლო გაუგზავნოს სასამართლო გადაწყვეტილება, რაც არანაირად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გაუგზავნოს ნებისმიერ სხვა მხარეს, მით უფრო თუ იგი 21 დღეზე ადრე იქნა მომზადებული. ამასთან, კანონში არ არსებობს ამკრძალავი ნორმა, რომელიც მოსამართლეს უზღუდავს უფლებას გაუგზავნოს კორესპონდენციები მხარეებს მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება.
განსაკუთრებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა კანონით განსაზღვრულია 21 დღით და მისი დინება იწყება გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან ან იმ მომენტიდან, როდესაც მოსამართლე გამოაცხადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამას ესწრება მხარე. ორივე შემთხვევაში ფუნდამენტალური ღირებულებაა მხარეს ჰქონდეს 21 დღე მას შემდეგ, როდესაც დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გაეცნობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა. შესაბამისად აბსურდულია იმის მტკიცება, რომ მხარეებს გასაჩივრების ვადის დინება ეწყებათ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, მაშინ როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მათ აქვთ 21 დღე, რაც შეიძლება მოსამართლის დისკრეციით განხორციელდეს საქმის განხილვის დასრულებიდან ნებისმიერ გონივრულ დროს და აქედან დაიწყოს ვადის ათვლა.
რაც შეეხება 70-78 მუხლებით დადგენილ წესს, გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ტელეკომპანია ,,საქართველო“ არ იმყოფებოდა საქმეში მითითებულ მისამართზე; მისმა ყველა წარმომადგენელმა (პირადად და/ან ოფისის წარმომადგენლების მიერ) უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, რაც 75-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 76-ე მუხლების შესაბამისად ითვლება არასაპატიოდ და/ან წარმოადგენს უარის თქმას.
ასევე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მართლმსაჯულების ეფექტურობას და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს კანონით განსაზღვრულ ვადებში და არ აჭიანურებს პროცესს, ფასდება ყოველთვის სასამართლოს პოზიტივად და სრულიად უსაფუძვლოა იმის მცდელობა, რომ აღნიშნული შეფასდეს, როგორც სასამართლოს გაუმართლებელი ქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მოქმედებდა საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით და ყოველგვარი საუბარი, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ქმედება გასულია კანონის ჩარჩოებიდან, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს სასამართლოს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.