თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკანორ მელიას საჩივარი დაუშვებლად ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკანორ მელიას საჩივარი დაუშვებლად ცნო, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უფლებამოსილებას - განიხილოს საჩივარი საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ განიხილავდა წარდგენილ საჩივარს.
რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას, წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საჩივრის არსებითი განხილვა ვერ მოხდა, საგამოძიებო კოლეგიაში ამგვარად გასაჩივრების დაუშვებლობის გამო, ამავე დროს სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულს აქვს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რიგი უფლებებისა, რომ მოხდეს მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა; ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს შეფარდებული დაპატიმრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად; საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე ვალდებულია - განაჩენის გამოტანამდე ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; მხარეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაჩენის გამოტანამდე ახალი არსებითი მნიშვნელობის საკითხის არსებობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს საქმის განმხილველ მოსამართლეს.