თბილისის სააპელაციო სასამართლომ 16 წელს მიუღწეველ პირთან სხეულში სექსუალური შეღწევის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 2021 წლის 19 მარტის განჩინებით ცვლილება შეიტანა ბრალდებულ ა.ნ.-ს მიმართ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განჩინებაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 1995 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ა.ნ. ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2021 წლის 12 მარტს და 2021 წლის 14 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება და სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური შეღწევისათვის ბრალდებულს, რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეუცვალა პატიმრობით.