პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი
2014-07-25
თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ა. ო-ს, რომელსაც ბრალად ედება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულის ჩადენა, რამაც საბოლოდ გამოიწვია სიკვდილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა რის საფუძველზეც გაუქმდა პირველი ინსტანციის განჩინება და ბრალდებულ ა. ო-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით ნაცვლად 7000 ლარიანი გირაოსი პატიმრობა შეეფარდა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ა. ო. შესაძლოა მიემალოს გამოძიებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების შეკრების შემდეგ წარდგენილი ბრალდება შესაძლოა დამძიმდეს, აღნიშნულ ვარაუდს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ფლობს სხვადასხვა გვარით და სახელით აღებულ პასპორტებს, რომელთა გამოყენებითაც თავისუფლად შეძლებს მიმალვას.
ასევე სასამართლომ საყურადღებოდ ჩათვალა ის გარემოება, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდებული გამოცხადდა პოლიციაში როგორც დაზარალებული, სადაც განმარტა, რომ მასზე განახორციელდა ფიზიკური ძალადობა და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.
აღნიშნული გარემოებებიდან გამოდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საპროცესო და ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულ ა. ო-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისათვის.
თბილისის სააპელაიო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.