თბილისის სააპელაციო სასამართლო
პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხის განხილვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებისას
2017-12-28
,,წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, სასამართლო სავალდებულო წესით იხილავს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის საკითხს ... ამ შემთხვევაში, სასამართლო არ მსჯელობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების დასაშვებობაზე. ის პირდაპირ აფასებს მხარეთა შუამდგომლობების დასაბუთებულობას იმ ჭრილში, შეიცავს თუ არა პატიმრობის შეცვლის მომთხოვნი მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ისეთ ახალ, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებს ან წარმოდგენილია თუ არა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობაზე.“

წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/1483-17 (2017-12-28) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქმის მასალების მიხედვით, ვ. გ.-ს წარედგინა ბრალდება არასრულწლოვანი გერის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადა ორჯერ გაგრძელდა, ხოლო ბრალდებულის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი კვლავ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.

აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ბრალდებულმა და ითხოვა მის მიმართ პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდება. ბრალდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უკანონოდ მიიჩნია, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტები სასამართლომ არსებითად ახალ გარემოებად არ მიიჩნია და არ იმსჯელა მათზე. აღნიშნულ ახალ გარემოებებს წარმოადგენდა მეზობლების დადებითი დახასიათება, ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა დაზარალებულს, ბრალდებული იყო სოციალურად დაუცველი და დაავადებული იყო C ჰეპატიტით.

საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი დაუშვებლად ცნო და განმარტა, რომ მართალია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ახალი დოკუმენტები, რომლებიც არ განხილულა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შერჩევისას, თუმცა, ეს დოკუმენტები არ ახდენდა გავლენას პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობაზე, არ ამცირებდა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განმეორების საფრთხესა და რისკებს, რომელთა არსებობაც საფუძვლად დაედო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. შესაბამისად, პატიმრობის გაუქმების ან შეცვლის საკითხი მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი;
☛ წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება;
☛ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხის განხილვა;
☛ ოჯახში ძალადობა.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია