თბილისის სააპელაციო სასამართლო
წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების საკითხის გასაჩივრების წესი
2018-01-08
,,წინასასამართლო სხდომის ეტაპზე საჩივრდება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება და განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხოლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება საგამოძიებო კოლეგიაში“.

წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/1487-17 (2017-12-28) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქმის მასალების მიხედვით, მ.ლ.-ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობის ფაქტზე ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს გირაო შეეფარდა. ხოლო წინასასამართლო სხდომაზე გირაო შეიცვალა პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო გირაოს თანხის გადახდა. ამასთან, ბრალდებული მოთავსებულ იქნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ბრალდებულის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ მ.ლ. არ უნდა იქნას გადაყვანილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ამასთან უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.

საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი დაუშვებლად ცნო და განჩინებაში განმარტა, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება საგამოძიებო კოლეგიაში.
განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი;
☛ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების საკითხის გასაჩივრების წესი;
☛ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება;
☛ ოჯახში ძალადობა.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია