თბილისის სააპელაციო სასამართლო განცხადება ადვოკატების ტ. კაკაბაძისა და ი. ჩომახაშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით
2018-09-13
თბილისის სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს ადვოკატების ტ. კაკაბაძისა და ი. ჩომახაშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით:
2018 წლის 12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა კ.ფ-ს, ბ.ჯ-ს და რ.ჟ-ს მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ ცემასა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად, გამოძალვისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენით, ბ.ჯ. და რ.ჟ. სრულად იყვნენ გამართლებულები წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო კ.ფ. - ნაწილობრივ.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი და ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით კ.ფ-ს, რომელიც ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე განაჩენით მსჯავრდებული იყო ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუმძიმდა სასჯელი 5 წლამდე ვადით, ხოლო ბ.ჯ. და რ.ჟ. ასევე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 181 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 4 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქმის სააპელაციო განხილვებისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ კ.ფ. ბ.ჯ. და რ.ჟ. 2017 წლის 10 აპრილს მივიდნენ ა.ლ-ს ოფისში და განუცხადეს, რომ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით მათთვის უნდა გადაეცათ კუთვნილი გაზგასამართი სადგურის ოცდახუთპროცენტიანი წილი. უარის მიღების შემდეგ კ.ფ-მ დანის გამოყენებით კისრისა და მარცხენა მტევნის მიდამოში ა.ლ-ს მიაყენა დაზიანება, ხოლო შემდგომ პერიოდში ბ.ჯ. და რ.ჟ. დროდადრო აკითხავდნენ დაზარალებულს და კვლავ მოითხოვდნენ მისგან წილის დათმობას ან 200 000 აშშ დოლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.


© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია