ხშირად დასმული კითხვები
კითხვის დასმა

ძიება: კატეგორია:

ბაზაში განთავსებულია 95 კითხვა-პასუხი
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში, არის თუ არა დადგენილი დავის საგნის მინიმალური ღირებულება ან სხვა მოთხოვნა, რომელსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს?
პასუხი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობად არ ადგენს დავის საგნის ღირებულებას. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: ვის აქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და რა ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული საჩივარი?
პასუხი: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა. საკასაციო საჩივარი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით, წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საკასაციო საჩივარში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული კასატორის მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ასაკიდან შეუძლია დაინტერესებულ პირს სასამართლოს პროცესებზე დასწრება?
პასუხი: თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეებისა და წარმომადგენლების გარდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში შეუძლია დაესწროს სასამართლოს პროცესებს. არასრულწლოვანების შემთხვევაში დასაშვებია დაბადების მოწმობის წარდგენაც.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, სასამართლო უზრუნველყოფს პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; ასევე, იზღუდება სხდომაზე დამსწრე პირთა წრე და გადადებულია სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები, შეხვედრები, სასწავლო ვიზიტები და მოქალაქეთა მიღებები, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: სად შემიძლია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტატისტიკის ნახვა?
პასუხი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტატისტიკა ხელმისაწვდომია სასამართლოს ვებ-გვერდზე, ველში „სტატისტიკა“. აღნიშნულ ველში შეგიძლიათ იხილოთ პერიოდული სტატისტიკური მონაცემები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების შესახებ.
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების შედარებით-ანალიტიკური მიმოხილვა 2017-2019 და 2020 წლებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
http://www.tbappeal.court.ge/?category=64&mc=14 .

გარდა ამისა, საქართველოს საერთო სასამართლოების სტატისტიკას აწარმოებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორი. კვლევის შედეგები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.supremecourt.ge/statistics/
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: როგორ გამოვითხოვო საჯარო ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოდან?
პასუხი: საჯარო ინფორმაციის მისაღებად განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია:
- ადგილზე - სასამართლოს კანცელარიაში ან ფოსტის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159);
- ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (tbappeal@court.ge );
- საჯარო ინფორმაციის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით (http://service.court.ge/public /).

დეტალური ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების ნიმუშის და მისი შევსების ინსტრუქციის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდის შესაბამის ველში („საჯარო ინფორმაცია“) - http://www.tbappeal.court.ge/?text=46 .
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: შესაძლებელია თუ არა, სააპელაციო სასამართლოში მხარე წარმოადგინოს იმ პირმა, რომელიც არ არის ადვოკატი?
პასუხი: პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: არის თუ არა აუცილებელი, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისთვის მხარემ აიყვანოს ადვოკატი? შესაძლებელია თუ არა მხარემ დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი ინტერესები სააპელაციო სასამართლოში?
პასუხი: აუცილებელი არ არის მხარე წარმოადგინოს ადვოკატმა. მხარეს შესაძლებლობა აქვს საკუთარი თავი თვითონვე წარმოადგინოს, ე.ი. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად. აგრეთვე, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, აუცილებელია მის წარმომადგენელს ჰქონდეს საადვოკატო უფლებამოსილება.
საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: სააპელაციო შესაგებლის წარდგენის ბოლო ვადის გასვლის დღეს ფოსტით გაგზავნილი წერილი ჩაითვლება თუ არა ვადაში გაგზავნილად?
პასუხი: საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაში უნდა ჩაიბაროს პირმა სასამართლოს გადაწყვეტილება?
პასუხი: გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაში მივიღებ სასამართლოსგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?
პასუხი: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში ეგზავნება მხარეს.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 235-ე მუხლი)

კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაა დადგენილი გადაწყვეტილების სრულყოფილად დაწერისათვის?
პასუხი: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისათვის გადასაცემად.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაში ამოწმებს სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს?
პასუხი: სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლო ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)
კომენტარი (2)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა სახის ინფორმაცია შემიძლია მივიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიიდან?
პასუხი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიასთან კომუნიკაციის შემთხვევაში, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია საქმის ნომრის, სააპელაციო საჩივრის შემოსვლისა და საკასაციო საჩივრის გადაგზავნის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიას დაუკავშირდით შემდეგ შიდა ნომერზე - 1490 ან 1491;
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიას - 1568 ან 1570;
სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიას - 1261;
საგამოძიებო კოლეგიას - 1258 ან 1259.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა სახის ინფორმაცია შემიძლია მივიღო მოსამართლის თანაშემწისაგან?
პასუხი: თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ყველა კითხვის შემთხვევაში მხარეებს და მათ წარმომადგენლებს საშუალება აქვთ მიმართონ მოსამართლის თანაშემწეს ან სხდომის მდოვანს. შიდა ნომრების სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://tbappeal.court.ge/?text=20&mc=2 , ინფორმაცია პროცესის გამართვის თარიღსა, დროსა და სხდომის დარბაზის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://tbappeal.court.ge/index.php?category=3&mc=3 , განრიგში სასურველი დროის მითითებით, შესაძლებლობა გაქვთ იხილოთ მომდევნო დღეებისა და კვირებში ჩანიშნული პროცესებიც.
მოსამართლის თანაშემწესთან ან სხდომის მდივანთან კომუნიკაციის პრობლემის შემთხვევაში, ეწვიეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ გვერდს და ისარგებლეთ ონლაინ დახმარების ფუნქციით, ან მიმართეთ საინფორმაციო სამსახურს შიდა ნომრებზე 1334 ან 1335.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: შემიძლია თუ არა სააპელაციო სასამართლოში ვისარგებლო საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით ecd.court.ge ?
პასუხი: საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში ვერ ისარგებლებთ, რის გამოც ყველა კითხვის შემთხვევაში უნდა მიმართოთ მოსამართლის თანაშემწეს.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: სასამართლო ფორმები ყველა ინსტანციისათვის ერთი და იგივეა?
პასუხი: სასამართლო ფორმები განსხვავდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების, ასევე, სასამართლოს ინსტანციების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
სასამართლო ფორმები
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: სად არის შესაძლებელი სასამართლო ფორმების მოძიება?
პასუხი: სასამართლო ფორმების გადმოწერა შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდიდან:
სასამართლო ფორმები
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: სავალდებულო ხასიათის მქონე რა სასამართლო ფორმები არსებობს?
პასუხი: სასამართლო სისტემაში გამოიყენება შემდეგი ფორმები:

- სასამართლო ფორმები სამოქალაქო საქმეზე:
სარჩელის ფორმა;
შესაგებლის ფორმა;
სააპელაციო საჩივარის ფორმა;
სააპელაციო შესაგებლის ფორმა;
საკასაციო საჩივრის ფორმა;
საკასაციო შესაგებლის ფორმა.

- სასამართლო ფორმები ადმინისტრაციულ საქმეზე:
სარჩელის ფორმა;
შესაგებლის ფორმა;
სააპელაციო საჩივარის ფორმა;
სააპელაციო შესაგებლის ფორმა;
საკასაციო საჩივრის ფორმა;
საკასაციო შესაგებლის ფორმა.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: აუცილებელია თუ არა სააპელაციო საჩივრის შევსებისას მისი ელექტრონული ფოსტით გამოგზავნა და რა მიზანს ისახავს იგი?
პასუხი: სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა არ არის აუცილებელი. თუმცა სასამართლოს ეხმარება საქმის უფრო სწრაფ და ეფექტიან განხილვაში.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, სარჩელები (განცხადებები) და სხვა დოკუმენტაცია მიიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით; მოქალაქეებმა სასამართლოსათვის მიმართვისას შეიძლება ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge )) და საქართველოს ფოსტით, შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება; სასამართლოს საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა უფასოა.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ფორმით გაგზავნისას, გააჩნია თუ არა მას იურიდული ძალა?
პასუხი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. თუ ელექტრონული საჩივარი შეიცავს კანონის შესაბამისად გაკეთებულ ელექტრონულ ხელმოწერას, მისი ელექტრონული ფორმით მიღების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს და განიხილოს იგი. თუ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი საჩივარი ვერ უზრუნველყოფს ზემოხსენებული პირობის დაცვას, მას არ გააჩნია იურიდიული ძალა.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: საქმეზე ხარვეზის შევსების ბოლო დღე ემთხვევა კვირას. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სახელმწიფო ბაჟი
კითხვა: რამდენს შეადგენს სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობა სააპელაციო სასამართლოში?
პასუხი: სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის 5000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის – 7000 ლარს.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სახელმწიფო ბაჟი
კითხვა: საქმის განხილვის რომელ ეტაპზე უნდა მორიგდნენ მხარეები, რომ ისინი ბაჟის გადახდისაგან სრულად გათავისუფლდნენ?
პასუხი: თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ხოლო, სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-2(1) ნაწილები)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რამდენ ხანში ეგზავნებათ მხარეებს განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სამოქალაქო საქმეებზე?
პასუხი: მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სახელმწიფო ბაჟი
კითხვა: სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდა რომელი მხარის ვალდებულებაა?
პასუხი: სახელმწიფო ბაჟს იხდის ის პირი, ვინც ასაჩივრებს მიღებულ გადაწყვეტილებას. მაშასადამე, სახელმწიფო ბაჟი წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუმცა, საბოლოოდ, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, რამდენს შეადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა?
პასუხი: სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: მხარის მიერ შესაბამისი განცხადების დაწერის შემთხვევაში, რამდენ ხანში გადაეცემა მას გადაწყვეტილების ასლი?
პასუხი: სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი გადმოგეცემათ შესაბამისი განცხადების შემოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა. გადაწყვეტილების ასლებს ხელს აწერს სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტი და უსვამს სასამართლოს ბეჭედს.
(სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაში ხდება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვა?
პასუხი: სასამართლო განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განიხილავს მისი შემოტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეტყობინების გარეშე.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: შესაძლებელია თუ არა თუ არა სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენა?
პასუხი: სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები, თუ:
- ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს მნიშვნელობა აქვს საქმისთვის; და
- მხარეს საპატიო მიზეზის გამო არ შეეძლო წარედგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლები)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: როგორ შეიძლება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნის წარდგენა?
პასუხი: მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოთ სასამართლოს. განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით.
აღნიშნული განცხადების ზეპირი ფორმით წარდგენა დასაშვებია საქმის განხილვის დროს. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ ზეპირი განცხადებით აღძრული შუამდგომლობა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: დაინტერესებულ პირს, რომელიც საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, აქვს თუ არა უფლება გაეცნოს საქმის მასალებს?
პასუხი: საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი საქმის მხარეებს (ასევე მათ წარმომადგენლებს).
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რამდენ ხანში გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრის თაობაზე?
პასუხი: კერძო საჩივრის თაობაზე სასამართლოს განჩინება გამოაქვს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში.
(სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაში უნდა შევიტანო კერძო საჩივარი?
პასუხი: კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რომელ სასამართლოში უნდა შევიტანო კერძო საჩივარი?
პასუხი: კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: არსებობს თუ არა კერძო საჩივრისათვის დადგენილი სპეციალური სასამართლო ფორმა?
პასუხი: კერძო საჩივარი თავის შინაარსით და ფორმით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის თანახმად, იგი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით.
რაც შეეხება სავალდებულო ხასიათის მქონე წინასწარ შემუშავებულ ფორმას, ასეთი ფორმა კერძო საჩივრისათვის დადგენილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სოციალური სასამართლოს იდეის ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავა სხვადასხვა შინაარსის განცხადების ფორმები, რომლებსაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნიათ. მათ შორის, არსებობს სარეკომენდაციო ფორმა კერძო საჩივრისთვისაც. აღნიშნული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://www.tbappeal.court.ge/?news=568&mc=13
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: სასამართლო ფორმებს კომპიუტერი ლათინური ასოებით მიხსნის, ვერ გამოვასწორე ხარვეზი, როგორ მოვიქცე? როგორ დავაყენო სასამართლოს ფორმებში მოცემული ფონტები კომპიუტერზე?
პასუხი: საჭირო ქართული ფონტები შეგიძლიათ გადმოიწეროთ შემდეგი ბმულიდან:
http://oldtbappeal.court.ge/?lan=geo&cat=14&sub=134&rec=724
თქვენს კომპიუტერზე ფონტების დასაყენებლად (1) შედით Control Panel -ში, (2) გახსენით საქაღალდე Fonts (3), ჩააკოპირეთ გადმოწერილი ფონტები ამ საქაღალდეში.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ფონტები გამოიყენება სასამართლოს ფორმების ელექტრონული ფორმით შევსებისას?
პასუხი: სასამართლო ფორმების ელექტრონული წესით შევსებისას გამოიყენება შემდეგი ფონტები: LitNusx , LitMtavr და Times New Roman .
ზემოაღნიშნული ფონტების გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: http://oldtbappeal.court.ge/?lan=geo&cat=14&sub=134&rec=724
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სახელმწიფო ბაჟი
კითხვა: რომელ ბანკში შემიძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა?
პასუხი: სახელმწიფო ბაჟის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სახელმწიფო ბაჟი
კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოში?
პასუხი: არა. სახელმწიფო ბაჟის გადახდა აუცილებლად უნდა განხორციელდეს რომელიმე ბანკის მეშვეობით.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სახელმწიფო ბაჟი
კითხვა: რომელ ანგარიშზე უნდა გადავიხადო სახელმწიფო ბაჟი?
პასუხი: სახელმწიფო ბაჟი უნდა გადარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

ბანკის დასახელება: ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა"

ბანკის კოდი: TRESGE 22

ანგარიშის № 200122900

ამასთანავე, უნდა მიუთითოთ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულისათვის განსაზღვრული სახაზინო კოდი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისას მიეთითება თბილისის სახაზინო კოდი 3 0077 3150.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: შესაძლებელია თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში ქსეროასლის გადაღება?
პასუხი: დიახ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეგიძლიათ ქსეროასლის გადაღება.
სასამართლოს შენობაში ქსეროასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს 0.05 ლარს (1 გვერდი).

(საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რამდენ ეგზემპლარად უნდა იყოს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი?
პასუხი: სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.

(სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: შემიძლია თუ არა სააპელაციო საჩივრის ხელით შევსება?
პასუხი: დიახ, შესაძლებელია გამოიყენოთ ხელით შესავსები სააპელაციო საჩივრის ფორმა.
სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. იგი უნდა უპასუხებდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით.


(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლი).


ამასთან, აღსანიშნავია, რომ COVID -19 პანდემიის გამო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების (15 სექტემბერი, 2020) თანახმად, სარჩელები (განცხადებები) და სხვა დოკუმენტაცია მიიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით; მოქალაქეებმა სასამართლოსათვის მიმართვისას შეიძლება ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge )) და საქართველოს ფოსტით, შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება; სასამართლოს საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა უფასოა.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: შემიძლია თუ არა განცხადების ხელით შევსება?
პასუხი: დიახ, შეგიძლიათ განცხადების ტექსტი ჩამოაყალიბოთ ხელნაწერის სახით.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: შეიძლება თუ არა განცხადება/სააპელაციო საჩივარი კანცელარიაში ჩააბაროს სხვა პირმა, გარდა მისი ავტორისა?
პასუხი: დიახ, სასამართლოს კანცელარიაში განცხადების/სააპელაციო საჩივრის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ პირს. მთავარია, იგი ხელმოწერილი იყოს მხარის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა შედეგი დადგება, თუკი სააპელაციო სასამართლოში არ გამოცხადდება დავის რომელიმე მხარე?
პასუხი: თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაში შემიძლია შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა?
პასუხი: მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: შესაძლებელია თუ არა მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა?
პასუხი: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაში განიხილავს სასამართლო ჩემი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს და როდის მეცნობება შედეგის შესახებ?
პასუხი: სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
თუ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია. სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე-376-ე მუხლები).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს სააპელაციო საჩივარი?
პასუხი: 1. სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზეც არის შედგენილი საჩივარი;
ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე;
დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;
ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;
ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;
ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას.;
თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა;
ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა.

2. სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.

3. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი.

4. თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.

5. თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

6. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს ან სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

7. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.


(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაშია შესაძლებელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და როდიდან აითვლება გასაჩივრების ვადა?
პასუხი: საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა. საკასაციო საჩივარი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით, წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საკასაციო საჩივარში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული კასატორის მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 397-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: ვალდებულია, თუ არა სააპელაციო საჩივრის ავტორი გადაუგზავნოს სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს?
პასუხი: არ არის ვალდებული. სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს მოწინააღმდეგე მხარეს უგზავნის სააპელაციო სასამართლო.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: რა ვადაშია შესაძლებელი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და როდიდან აითვლება გასაჩივრების ვადა?
პასუხი: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259(1)-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 259(1)-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ადმინისტრაციული სამართალი
კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა ადმინისტრაციულ წარმოებაში სარჩელის ფასს სააპელაციო და საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის?
პასუხი: სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა.
(საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება.)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ადმინისტრაციული სამართალი
კითხვა: გადაიხდება თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე ბაჟი?
პასუხი: სასამართლოში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
[ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად პირდაპირ გადაეცემა სააღსრულებო ბიუროს, თუ ამისათვის საჭიროა მხარის მოთხოვნა?
პასუხი: სააღსრულებო ფურცელი ამოიწერება და გადაეცემა მხარეს მისი განცხადების საფუძველზე.
მხარე თავად უზრუნველყოფს სააღსრულებო ფურცლის წარდგენას სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ან კერძო აღმასრულებელთან.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების და სააღსრულებლო ფურცლის აღებისთვის არსებობს თუ არა კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა?
პასუხი: სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
(საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეს დაეკისრა თანხის ანაზღაურება. როგორ და რა წესით უნდა იქნეს მოთხოვნილი თანხის გადახდევინება?
პასუხი: თუ მხარე ნებაყოფლობით არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, მაშინ გადაწყვეტილებების აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც აუცილებელია, წარადგინოთ სააღსრულებლო ბიუროში. სააღსრულებო ფურცლის ასაღებად განცხადებით უნდა მიმართოთ იმ სასამართლოს, რომელმაც მოპასუხეს თანხის გადახდა დააკისრა.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: არის თუ არა განსაზღვრული სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო სამართალწარმოებაში სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის, დავის საგანის ღირებულებასთან მიმართებით, მინიმალური თანხა?
პასუხი: სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: როგორ ხდება დათვალიერებასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების დაფარვა?
პასუხი: თუ დათვალიერება დაკავშირებულია ხარჯებთან, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დათვალიერების შესახებ, წინასწარ უნდა შეიტანოს შესაბამისი თანხა. თუ ადგილზე დათვალიერება სასამართლოს ინიციატივით ხდება, ეს ხარჯები ორივე მხარემ უნდა დაფაროს.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, საჭიროა სახელმწიფო ბაჟის გადახდა?
პასუხი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების წარმოსადგენად სახელმწიფო ბაჟის გადახდა საჭირო არ არის.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, აუცილებელია განცხადებაში მხარის პოზიციის დამასაბუთებელი კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა?
პასუხი: სამოქალაქო პროცესში მოქმედებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარე დამოუკიდებლად განსაზღვრავს რა გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით დაამტკიცებს მისი მოთხოვნის მართებულობას. თუმცა, რა თქმა უნდა, სათანადო მტკიცებულებებზე მითითება ამყარებს თქვენს მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილების მეტ პერსპექტივას წარმოშობს.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: რა ფორმით უნდა მოითხოვოს მხარემ საჯარო შეტყობინების გავრცელება? რა დოკუმენტები უნდა დაერთოს ასეთ მოთხოვნას?
პასუხი: მოთხოვნა საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ აუცილებლია, წარმოადგინოთ განცხადების ფორმით.
თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯარო გავრცელების შესახებ. შესაბამისად, თუ თქვენ გამოდიხართ საჯარო შეტყობინების განხორციელების ინიციატორად, აუცილებელია განცხადებით ან/და მასზე თანდართული საბუთებით ამტკიცოთ, რომ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: სამოქალაქო საქმეზე ვარ მოწმე. მაინტერესებს, დამეკისრება თუ არა რაიმე სახის პასუხისგებლობა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო?
პასუხი: მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებითი მოყვანა.
ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 145-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: რა ვადაში შემიძლია შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა?
პასუხი: მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: რა შედეგი დადგება, თუ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე?
პასუხი: თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: სამოქალაქო საქმეზე სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შემთხვევაში, მაქვს თუ არა ვალდებულება, მოწინააღმდეგე მხარეს ჩავაბარო საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია?
პასუხი: სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შემდგომ, სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებას უზრუნველყოფს სააპელაციო სასამართლო.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: სარჩელის/სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მაქვს თუ არა უფლება მივმართო სასამართლოს განმეორებით?
პასუხი: იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლი).
თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: არ ვიცი მოწინააღმდეგე მხარის პირადი ნომერი. აუცილებელია თუ არა სარჩელის/სააპელაციო საჩივრის შევსებისას სასამართლო ფორმაში მივუთითო იგი?
პასუხი: სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მოპასუხის პირადი ნომრის მითითება რეკომენდებულია, თუმცა არ არის სავალდებულო.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: რამდენს შეადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე?
პასუხი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, კერძოდ, 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. შესაბამისად, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს (4000 ლარის 3%), რაც შეადგენს 120 ლარს.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: განქორწინებასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში რამდენს შეადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა?
პასუხი: არაქონებრივი დავაზე (მაგ. განქორწინება) სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველ ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში შესაბამისად - 150 და 300 ლარს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება?
პასუხი: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ:
ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო;
ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;
ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი)
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: რა შედეგი მოჰყვება აპელანტის გამოუცხადებლობას სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას?
პასუხი: თუ სააპელაციო სხდომაზე აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება, სააპელაციო სასამართლო განჩინებით მის სააპელაციო საჩივარს განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 296-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: რა შემთხვევაში განიხილება სააპელაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში?
პასუხი: სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: რა ვადაში განიხილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე სააპელაციო სასამართლოში?
პასუხი: არასრულწლოვნის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს ზეპირი მოსმენით, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.
(საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 55-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: რა ვადაში განიხილება საქმე სააპელაციო სასამართლოში?
პასუხი: სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. ხოლო განაჩენი გამოაქვს დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლი)
რაც შეეხება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადას, ის შეუზღუდავია, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან გაერო-ს ერთ-ერთი კომიტეტის დასკვნა შესაბამისი კონვენციის დარღვევის თაობაზე).
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: რა ვადაში და სად საჩივრდება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ?
პასუხი: წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: რა ვადაში განიხილავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივარს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ?
პასუხი: აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ საჩივარს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: ვის მიერ და რა ვადაშია შესაძლებელი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრება?
პასუხი: აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: სააპელაციო საჩივრის რამდენი ეგზემპლარი უნდა შევიტანო სასამართლოში?
პასუხი: განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს მხარეს („მხარე“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად გულისხმობს: ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი, პროკურორი).
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: ვის აქვს სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება?
პასუხი: სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: სად და რა ვადაში შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა?
პასუხი: სააპელაციო საჩივარი შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში (პირველი ინსტანციის სასამართლო) განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე და 293-ე მუხლები)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სისხლის სამართალი
კითხვა: ვის და რა ვადაში შეიძლება გადაეცეს განაჩენის ასლი?
პასუხი: განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლი მსჯავრდებულს ან გამართლებულს და ბრალმდებელს გადაეცემა განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან, ან მრავალი პირის ბრალდების საქმეზე - არა უგვიანეს 14 დღისა. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით გადაეცემა ამავე ვადაში.
ხოლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში განაჩენის ასლები გადაეცემათ მსჯავრდებულს, მის ადვოკატს და პროკურორს.
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე და 216-ე მუხლები)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: რა განსხვავებაა დანაშაულსა და დისციპლინურ გადაცდომას შორის?
პასუხი: დანაშაული და დისციპლინური გადაცდომა ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც დარღვევის სიმძიმის, ასევე, შესაძლო იურიდიული შედეგის მიხედვით.
დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომლის ჩამდენ პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა (რაც, თავის მხრივ, შედეგად იწვევს პირის ნასამართლობას).
დისციპლინური გადაცდომა არის “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ქმედება, რომლის გამოც მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება.
მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია. ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შემთხვევაში, გადაიხედება თუ არა ჩემ მიმართ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება?
პასუხი: დისციპლინური სამართალწარმოების მიზანი არ არის მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა გაუქმება ან შეცვლა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა შეუძლია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს (ასევე, იმავე ინსტანციის სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებისას) მხარის მიერ კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში (სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში).
შესაბამისად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების ან სახდელის გამოყენება გავლენას ვერ იქონიებს მის მიერ გამოტანილი რომელიმე გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: სად შეიძლება ვნახო მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები?
პასუხი: მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შეგიძლიათ იხილოთ, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
• დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური (http://dis.court.ge/ );
• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (http://hcoj.gov.ge/ );
• საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (http://dcj.court.ge/geo/ );
• საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა (http://www.supremecourt.ge/court-decisions/disciplinary-cases/ )
გადაწყვეტილებები ქვეყნდება მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება, კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სრულად ქვეყნდება.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების რა ძირითადი ეტაპები არსებობს?
პასუხი: მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:
ა) მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოების დაწყება დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ:
მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების ორგანული კანონით განსაზღვრული მიზეზის არსებობისას, მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსპექტორი კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში, დამოუკიდებელი ინსპექტორი თავის დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა:
წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ; დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ;
გ) დისციპლინური საქმის განხილვა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ:
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (შემდგომ – სადისციპლინო კოლეგია). სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ; დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ; ე) მოსამართლის გამართლების შესახებ;
დ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომ – სადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: რით განსხვავდება ერთმანეთისგან დისციპლინური საჩივრის შეტანა და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება?
პასუხი: დისციპლინური საჩივრის შეტანა და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთმანეთისგან განსხვავდება სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით.
სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით და ამ გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნა შეუძლია დავის მხარეს და მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
რაც შეეხება დისციპლინურ სამართალწარმოებას, დისციპლინური საჩივრის შეტანა მოსამართლის წინააღმდეგ არ გამოიწვევს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას. ამ საჩივრის განხილვას შედეგად შეიძლება მოჰყვეს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა, მის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრება ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენება.
ამდენად, დისციპლინური სამართალწარმოების წესით განიხილება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური ხასიათის გადაცდომის ჩადენა და არა - მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერება.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: რა ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება?
პასუხი: მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს:
ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;
ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;
გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.
(,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 75[5]-ე მუხლის პირველი პუნქტი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: სად შემიძლია დისციპლინური საჩივრის (განცხადების) წარდგენა მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზნით და რა ფორმით?
პასუხი: თუ მიგაჩნიათ, რომ მოსამართლემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, თქვენ შეგიძლიათ საჩივრით (განცხადებით) მიმართოთ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს. იმისათვის, რომ მოსამართლის მიმართ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება, თქვენი საჩივარი უნდა პასუხობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. ანონიმური საჩივრის ან განცხადების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება. თუ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტი, დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის (განცხადების) ავტორს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 10-დღიან ვადას. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება. სასურველია, საჩივარს (განცხადებას) თან დაურთოთ ის წერილობითი თუ სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც თქვენი აზრით ადასტურებენ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას.
დისციპლინური საჩივარი შეგიძლიათ შეიტანოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში ან გააგზავნოთ ფოსტით მისამართზე ქ. თბილისი, 0144, ბოჭორმის ქ. №12. საჩივარი, ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართებზე: disciplinary@court.ge ; inspector@hcoj.gov.ge .
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდი: https://dis.court.ge/
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: რა სახის დისციპლინური გადაცდომები არსებობს?
პასუხი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება:

ა) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, კერძოდ:
ა.ა) მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით;
ა.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით;

ბ) ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ:
ბ.ა) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთანავე, დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება მოსამართლის მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ამ საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება;
ბ.ბ) მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ.გ) მოსამართლის მიერ ამ კანონის 72[1] მუხლის პირველი პუნქტის ან 72[2] მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა;
ბ.დ) მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი;
ბ.ე) მოსამართლის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა;
ბ.ვ) მოსამართლის მიერ სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა;

გ) ქმედება, რომელიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, კერძოდ:
გ.ა) მოსამართლის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის, ანუ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 5[2], მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, 13[4], 13[5] ან 20[4] მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა;
გ.ბ) მოსამართლის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;

დ) ქმედება, რომელიც არღვევს წესიერების პრინციპს, კერძოდ:
დ.ა) მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ;
დ.ბ) მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება;
დ.გ) მოსამართლის მიერ სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება;

ე) ქმედება, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, კერძოდ:
ე.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ საფუძვლით;
ე.ბ) სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედების მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია;

ვ) ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, კერძოდ:
ვ.ა) მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადის დაცვა ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვ.) გამო ვერ შეძლო;
ვ.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა;
ვ.გ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონის დარღვევისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია;
ვ.დ) მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების, კერძოდ, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ზ) მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს (მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედება (ქცევა), ჩადენილი სასამართლოში ან მის გარეთ, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას).
(,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 75[1]-ე მუხლის მე-8 პუნქტი)
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: შემიძლია თუ არა მოსამართლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა?
პასუხი: დიახ. თუკი მიგაჩნიათ, რომ მოსამართლემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, თქვენ შეგიძლიათ საჩივრით (განცხადებით) მიმართოთ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: დისციპლინური სამართალწარმოება
კითხვა: სად შემიძლია ინფორმაციის მოძიება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე?
პასუხი: მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს დეტალურად არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (http://hcoj.gov.ge), დამოუკიდებელი ინსპექტორის (http://dis.court.ge/)) და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის (http://dcj.court.ge/geo/) ვებ-გვერდებზე.
ასევე, კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი
კითხვა: რა ვადაშია შესაძლებელი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და როდიდან აითვლება გასაჩივრების ვადა?
პასუხი: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259[1] მუხლის შესაბამისად, ასევე 259[1] მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი).
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
კატეგორია: ზოგადი საკითხები
კითხვა: სად არის შესაძლებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოძიება?
პასუხი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების მოძიება შესაძლებელია ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე: http://www.tbappeal.court.ge/?category=g .
ამასთან, საქართველოს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების მოძიება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე: http://ecd.court.ge/Decision . ამჟამად ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ბაზაში განთავსებული არ იყოს ამ დროისათვის არსებული ყველა გადაწყვეტილება. მითითებულ ვებ-გვერდზე, ასევე შეგიძლიათ იხილოთ სასამართლო გადაწყვეტილება დავაზე, რომლის მხარესაც წარმოადგენთ. ამისათვის დაგჭირდებათ შესაბამისი მომხმარებლისა და პაროლის მითითება ველში „ჩემი კაბინეტი“. მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება შეგიძლიათ თქვენი საქმის განმხილველი სასამართლოსაგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, გეგზავნებათ სასამართლოს კორესპონდენციის მეშვეობით.
სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სხვა მოქმედ რესურსებს წარმოადგენს სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: http://library.court.ge და თემიდას საძიებო სისტემა http://temida.mylaw.ge. მითითებულ ბაზებზე შეგიძლიათ ნახოთ პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, დასახელებული რესურსები იძლევა გადაწყვეტილებათა თემატურად და კანონის ცალკეული მუხლების მიხედვით ძიების შესაძლებლობას, თუმცა ისინი არ წარმოადგენს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების ერთიან ბაზას.
კომენტარი (0)


სახელი:
ტექსტი:
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია