სპიკერ მოსამართლე
მედიასთან ურთიერთობის უფლებამოსილება, სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებასთან დაკავშირებით, გააჩნია მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარეს, სპიკერ-მოსამართლესა და პრესმდივანი.

სპიკერ-მოსამართლე: სპიკერ-მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მოქმედი მოსამართლე ერთ სასამართლოში.საქმეების სპეციალიზაციის მიხედვით, შესაძლებელია იყოს რამდენიმე სპიკერ- მოსამართლეც.

სპიკერ-მოსამართლე თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებულად მუშაობს პრესმდივანთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სპიკერ-მოსამართლეების მოვალეობას ახორციელებნ: თამარ ალანია და თამარ ზამბახიძე.

სპიკერ-მოსამართლის კომპეტენცია:

სპიკერ-მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება მედიის მოთხოვნის ან ამ მოთხოვნის გარეშე სასამართლოს საქმიანობაზე ინფორმაციის გაცემა, აგრეთვე - საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო გადაწყვეტილებათა გაშუქება.

სპიკერ_მოსამართლის მიერ ინფორმაცია გაიცემა:

"ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-10 მუხლის შესაბამისად. ამავე კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პრინციპის დაცვით;

სპიკერ-მოსამართლე ხელმძღვანელობს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების მიხედვით;

ინფორმაციის გაცემისას სპიკერ-მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს სათანადო წონასწორობის დაცვა ინფორმაციის თავისუფლებას, კონფიდენციალობასა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს შორის, რაც გულისხმობს საერთაშორისო აქტებითა და ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებული პიროვნული უფლებების დარღვევის გარეშე, საზოგადოების ლეგიტიმური, საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებას;

სპიკერ-მოსამართლე თავისი საქმიანობის განხორციელებისას ოპერატიულად მოიძიებს ინფორმაციას და გონივრულ ვადებში აწოდებს მედიას. ხოლო ის საკითხები, რომლებზედაც სპიკერ_ მოსამართლემ კომენტარი უნდა გააკეთოს, ასევე გონივრულ ვადებში, მისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი;

თუ სპიკერ-მოსამართლე ავრცელებს ინფორმაციას სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია მიუთითოს გამოყენებული ოფიციალური დოკუმენტი;

თუ სპიკერ-მოსამართლე აკეთებს კომენტარს ისეთ საქმეზე, რომელზეც ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას პროცესის მონაწილეთა პირადი უფლებები და ინტერესები;

სისხლის სამართლის პროცესის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების დაცვას;

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მონაცემები, რომლებიც პროცესის მონაწილეთა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, დასახელდეს მხოლოდ მათი თანხმობის საფუძველზე;

იმ პირთა დასახელება, რომლებიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში მედიისთვის დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ, ასევე იმ პირებისა, რომელთაც დანაშაული საჯარო სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ჩაიდინეს, შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საჯარო ინტერესი აღემატება კერძო ინტერესს მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების საიდუმლოდ შენახვასთან დაკავშირებით;

სპიკერ-მოსამართლემ არ შეიძლება გაავრცელოს კერძო შეხედულება, გააკრიტიკოს კოლეგების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ან კომენტარი გაუკეთოს პოლიტიკურ მოვლენებს;

სპიკერ-მოსამართლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა რედაქციისათვის, რომლისთვისაც ამ ინფორმაციას რაიმე მნიშვნელობა აქვს. ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია, როგორც პრეს-რელიზების სახით, ასევე-პრესკონფერენციის საშუალებით.

სპიკერ-მოსამართლე სასამართლო პროცესების შესახებ, მედიის ინფორმირების მიზნით, საჭიროების მიხედვით ატარებს ღია კარის დღეს.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია