თბილისის სააპელაციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოსა და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში
2014-05-14
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჯარო მოხელეთა და ასევე მოსამართლეთა დელეგაცია, სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის ხელმძღვანელობით, დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოსა და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა ვიზიტად.

აღნიშნული ვიზიტი ეძღვნებოდა სასამართლოს ადმინისტრირებისა და სასამართლოს პერსონალის განვითარების კონცეფციების განხილვასა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარებას.

დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში შეხვედრების განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ გერმანულ მიდგომას ადამიანური რესურსების მართვის, განვითარების, შეფასებისა და წახალისების სფეროში. წარმოდგენილ იქნა გერმანული გამოცდილება დასახელებული პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართვის უზრუნველსაყოფად. განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა მოსამართლეთა დატვირთულობის შეფასებისა და მოსამართლის საქმიანობის ოპტიმალური გადანაწილების გერმანული მოდელი - PEBB§Y .

ვროცლავის სააპელაციო სასამართლოში ვიზიტისას გერმანულ და ქართულ დელეგაციებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ პოლონეთის სასამართლო სისტემას, სასამართლო ადმინისტრირების პოლონურ მიდგომებს და პოლონეთში დანერგილ სამართალწარმოების ელექტრონული სისტემებს.

როგორც ქართულმა, ასევე გერმანულმა და პოლონურმა მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აღნიშნულ თემებზე გააგრძელონ თანამშრომლობა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება.

დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. აღნიშნულ პარტნიორობა დასაწყისიდანვე მხარდაჭერილი იყო გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ. თანამშრომლობის განმავლობაში ორმხრივი ვიზიტებისა და მოსამართლეთა ჰოსპიტაციების ფარგლებში განხილულ იქნა არაერთი საინტერესო და ქართული მართლმსაჯულებისათვის აქტუალური თემა.

ვროცლავის სააპელაციო სასამართლოსთან თანამშრომლობას ახლახანს ჩაეყარა საფუძველი და მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ წინ არაერთი საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ელით.

დელეგაციის ვიზიტი 5 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია შემდგომი ვიზიტები პროექტში ჩართულ სამივე ქვეყნის სასამართლოებში. მორიგი სამუშაო შეხვედრას ქართული მხარე 2 ივნისს უმასპინძლებს.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია