მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია
2014-11-25
საერთაშორისო კონფერენციამ – მოსამართლის პროფესიული კარიერა და სასამართლოს ადმინისტრირება სამართლებრივ სახელმწიფოში – შვიდი ქვეყნის სასამართლოების დელეგაციებს უმასპინძლა.

საქართველოს, გერმანიის, პოლონეთის, თურქეთის, ხორვატიის, სომხეთისა აზერბაიჯანის 130-მა დელეგატმა – მოსამართლებმა და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე სასამართლოს მოხელეებმა, მოსამართლეთა კარიერული დაწინაურების, სასამართლო ადმინისტრირება/მენეჯმენტის და სასამართლოთა შორის საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენციაში მონაწილება მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, მცხეთის რაიონული სასამართლოს და სხვა სასამართლოების მოსამართლეებმა. დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ როგორც საქართველოს უზენაესი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

ქართველ და ევროპელ კოლეგებს სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენელმა გაუზიარეს მათი სასამართლოს წინაშე მდგარი გამოწვევები და გამოცდილება.

პოლონეთისა და გერმანიის დელეგაციებს კითხვით მიმართეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: სასამართლოში საქმეთა განაწილების წესი, მოსამართლედ შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურები. მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია სასამართლოს მოხელეთა ჯანმრთელობის მენეჯმენტის საკითხმა - რომელზეც გერმანიის წარმომადგენლმა დაწვრილებით ისაუბრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის განმარტებით მსგავსი კონფერენციების ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესების სწორად წარსამართად.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევაჯერეთ იდეები სხვადასხვა სამართლებრივ და არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. გამოვყოფდი მოსამართლეთა დაწინაურების, მოსამართლეთა სწორად შერჩევა-დანიშვნის, სასამართლოს სწორი ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის თემებს. ჩვენ შევაჯერეთ საერთო პოზიციები, რომელიც სამომავლოდ ძალიან გამოგვადგება ჩვენი ქვეყნების სასამართლოების საქმიანობაში“ - განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ცერცვაძემ.

კონფერენცია – მოსამართლის პროფესიული კარიერა და სასამართლოს ადმინისტრირება სამართლებრივ სახელმწიფოში – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით შედგა. GIZ-ის სამართლის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სასამართლოებთან. აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერით თბილისის სააპელაციო სასამართლო უკვე ორი წელია აქტიურად თანამშრომლობს დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოსა (გერმანია) და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოსთან (პოლონეთი). პროექტის ფარგლებში აქტიურად ხორციელდება გერმანიისა და პოლონეთის მოსამართლეთა დელეგაციების ვიზიტები, ასევე ჰოსპიტაციის პროგრამა, რომლის მთავარ მიზანს მოსამართლეთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

კონფერენციის მთავარი ორგანიზატორი და GIZ-ის უფროსი სპეციალისტი ეთუნა ჩაჩანიძე განმარტავს, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამა მუდამ ზრუნავდა და იზრუნებს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესების ხელშესაწყობად.

„GIZ-ის სამართლის პროგრამა შეზრდილია სასამართლო კორპუსთან და სისტემასთან, სწორედ ამიტომ ამ სისტემაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება, პროცესი თუ რეფორმა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ თავიანთი ქვეყნის გამოცდილება და ის ნახტომები, რომელიც ნებისმიერმა ქვეყანამ, იქნება ეს გერმანია, თუ პოლონეთი განვლო და ახალ გამოწვევებს გასცა პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მოსამართლეების და ხელმძღვანელი რგოლების ჩართვა მსგავს ღონისძიებებში, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით მოხდეს ქართული გზის დასახვა არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რათა ღირსეული პასუხი გაეცეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. ამ პროცესებს ყოველთვის დაუჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლის პროგრამა მხარს“ - განმარტავს ეთუნა ჩაჩანიძე.





ფოტო
ვიდეო / აუდიო

ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია