მოსამართლე ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს სამართლიანი, მუდმივად ზრუნავდეს მოსამართლის ღირსებაზე და ავტორიტეტზე
2015-02-12
რუბრიკა "კვირის სტუმარი" საინტერესო მოასაუბრე გახლავთ. სკოლაში სწავლის პერიოდში იურისტობის გარდა არასდროს უფიქრია სხვა პროფესიაზე. თვლის, რომ მოსამართლე ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს სამართლიანი, მუდმივად ზრუნავდეს მოსამართლის ღირსებაზე და ავტორიტეტზე, პირნათელი იყოს თავისი ქვეყნის და ერის წინაშე.

როდის გადაწყვიტა მოსამართლეობა? იურისტობიდან მოსამართლეობამდე რა გზის გავლა მოუხდა? რას კითხულობს თავისუფალ დროს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - მერაბ გაბინაშვილი უპასუხებს.

კითხვა: ბატონო მერაბ, გვიამბეთ თქვენს შესახებ?
პასუხი: თავდაპირველად მინდა მადლობა გადაგიხადოთ "კვირის სტუმრის" რუბრიკაში მოწვევისთვის.
დავიბადე 1973 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისში, სადაც ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. დავამთავრე თბილისის 71-ე საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა გავაგრძელე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე წარჩინებით. ვმუშაობ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, სადაც დაკისრებული მაქვს სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

კითხვა: როდის გადაწყვიტეთ მოსამართლეობა? იურისტობიდან მოსამართლეობამდე რა საფეხურების გავლა მოგიხდათ?

პასუხი: სკოლაში სწავლის პერიოდში არასოდეს მიფიქრია იურისტობის გარდა სხვა პროფესიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მშობლებს უნდოდათ უმაღლესი სამედიცინო განათლება მიმეღო. ფიქრობდნენ, დროთა განმავლობაში აზრს შევიცვლიდი, მაგრამ ასე არ მოხდა. გამოცდები ჩავაბარე და მოვხვდი ე. წ. "საღამოს დასწრებული განყოფილების" კურსზე, რამაც საშუალება მომცა ჩემი მომავალი პროფესიის შესაფერისი სამსახური მომეძებნა. 19 წლისამ მუშაობა დავიწყე გლდანის რაიონის სასამართლოში თარჯიმნად. ამავდროულად დავალებული მქონდა სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის მოვალეობის შესრულება. ხშირად ვესწრებოდი სისხლის სამართლის პროცესებს, ვკითხულობდი დამთავრებულ საქმეებს, რამაც მომცა გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება და საპროცესო დოკუმენტებთან მუშაობის ცოდნა. ორი წლის შემდეგ, გადავწყვიტე მუშაობა გამეგრძელებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სადაც ვფიქრობდი, რომ მივიღებდი სასამართლოს საქმიანობისაგან განსხვავებულ საგამოძიებო პრაქტიკას. გამომძიებლის თანაშემწედ მუშაობამ ოთხი წლის მანძილზე პრაქტიკული გამოცდილება დამიგროვა, რაც შემდგომში ძალიან გამომადგა. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მუშაობა დავიწყე შსს საგამოძიებო დეპარტამენტში ქვემო ქართლის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად, ხოლო შემდეგ უფროს გამომძიებლად. 2000 წლიდან 2005 წლამდე შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.

2005 წლიდან კი მუშაობა გავაგრძელე ახლადშექმნილ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში უფროს გამომძიებლად. ამ პერიოდში საბოლოოდ გადავწყვიტე ჩამებარებინა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, რადგან ვთვლიდი, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, დამეხმარებოდა პროფესიულ სრულყოფაში. 2005 წელს ჩავაბარე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და დავინიშნე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2007 წლის აგვისტოში დავინიშნე ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ, სადაც ამავდროულად დამეკისრა სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. ამგვარი მაღალი ნდობა, ორმაგად მაკისრებს პასუხისმგებლობას და მიზრდის მოტივაციას იმისათვის, რომ ღირსეულად შევძლო საკუთარი ქვეყნის და სიმართლის სამსახური.

კითხვა: პირველ პროცესს ხომ ვერ გაიხსენებდით?
პასუხი: რა თქმა უნდა. არ მგონია რომელიმე ჩემს კოლეგას არ ახსოვდეს მის მიერ წარმართული პირველი სასამართლო სხდომა. გორის რაიონულ სასამართლოში ჩასვლისთანავე მივიღე განსახილველი საქმეები და დავიწყე მათი შესწავლა. რატომღაც ვერ წარმომედგინა, რომ იმავე დღეს მომიწევდა სხდომის დარბაზში შესვლა. მაგრამ, განსახილველად გადმომეცა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობა, რაც იმავე დღეს განვიხილე. არ დაგიმალავთ, ერთგვარი ღელვა დამეუფლა. როგორც გამომძიებელი, უამრავ საქმეზე ვმონაწილეობდი ანალოგიური შუამდგომლობის განხილვაში, მაგრამ როდესაც ხარ მოსამართლე, რომელმაც ერთპიროვნულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აბსოლუტურად განსხვავებულ პასუხისმგებლობას გძნობ.
კითხვა: კარგი მოსამართლე ამავდროულად კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. არ მეთანხმებით? ასევე დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს მანტიას. თქვენ რას გრძნობთ, როდესაც მანტიას იცვამთ და სასამართლო პროცესზე გადიხართ?

პასუხი: სრულიად გეთანხმებით. მიმაჩნია, რომ მოსამართლეს, რომელიც არ არის კარგი ფსიქოლოგი, გაუჭირდება პროცესის წარმართვა იმ სტანდარტებით, რაც დღეს აქტუალური და აუცილებელია. მოსამართლის პროფესიული კომპეტენციის მთავარი პირობა მხოლოდ სამართლებრივი ცოდნა არ არის. პროფესიული კომპეტენცია ასევე გულისხმობს პროცესის წარმართვის მაღალ კვალიფიკაციას, მოსამართლის საუბრის, არგუმენტირების და დარწმუნების უნარის წარმოჩენას.

მოსამართლე ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს სამართლიანი, მუდმივად ზრუნავდეს მოსამართლის ღირსებაზე და ავტორიტეტზე, პირნათელი იყოს თავისი ქვეყნის და ერის წინაშე.

მოსამართლე პერსონალურადაც კომპეტენტური უნდა იყოს, საზოგადოების წინაშე ყოველთვის სანდომიანი, თავდაჯერებული და წინდახედული. ამ კრიტერიუმებით და საკუთარი ადამიანური ემოციების მართვით, მოსამართლე არასოდეს გავა რაციონალური და ობიექტური აზროვნების ფარგლებიდან. ფსიქოლოგიური დატვირთვის მატარებელია ის გარემოებაც, რომ მოსამართლე სასამართლო სხდომას ატარებს საგანგებო შესამოსელით -- მანტიით, რაც დარბაზში მსხდომთათვის არავერბარული ფორმით მიწოდებული, დადებითი ემოციის და ნდობის შემცველი მესიჯია, ხოლო მოსამართლისათვის მანტია პირველ რიგში უნდა იყოს პროფესიული ღირსების და სამართლიანობის შეგძნების ერთ-ერთი განმსაზღვრელი.

კითხვა: ძირითადად რა კატეგორიის საქმეებს იხილავთ?
პასუხი: ძირითადად ვიხილავ სისხლის სამართლის საქმეებს. განსახილველი საქმის მასალებს აუცილებლად წინასწარ ვეცნობი, რაც მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესზე ინფორმირებული ვიყო იმისათვის, თუ რა სახის მტკიცებულებების და საქმის სხვა გარემოებების შეფასება მოუწევს სასამართლოს. დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქმის სასამართლო სხდომისათვის მომზადების საკითხს, რათა არ მოხდეს საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გადადება და გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება.

კითხვა: აქტიურად ხართ ჩართული საზოგადოების ინფორმირების საკითხებში. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ხშირად სტუმრობენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები. როგორია მათი დამოკიდებულება სასამართლოსა და ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ? კიდევ რა სახის ღონისძიებები იგეგმება მომავალში?

პასუხი: საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები მრავლად გადაიდგა. სასამართლო რეფორმის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციები მუდმივად ეწოდება საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ ადამიანის სამართლებრივი კულტურა ბავშვობის ასაკიდან უნდა იწყებდეს ჩამოყალიბებას. ამისათვის ხშირად უნდა ვცდილობდეთ სკოლის ასაკიდან მათთან ურთიერთობას, ვახდენდეთ შესაბამის შეხვედრებს მათთვის საინტერესო სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ორჯერ ჩავატარეთ იმიტაციური პროცესი სტუდენტების მონაწილეობით, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. სულ ახლახანს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ეწვივნენ. მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები და სასამართლოს სხდომის დარბაზები. ისინი შეხვდნენ მოსამართლეებს, რა დროსაც საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე რეფორმებს, წარმატებით განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ გეგმებს. მათ ვესაუბრეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებებსა და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ გადავეცით "სასამართლოს გზამკვლევი" ბროშურები.

ასეთი სახის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება ზესტაფონის სხვა საჯარო და კერძო სკოლების დაინტერესებულ მოსწავლეებთან.

კითხვა: დანაშაულის ზრდის თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა თქვენს რაიონში?პასუხი: ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 2 მაგისტრატი მოსამართლეა, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ თერჯოლის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. ასევე რაიონული სასამართლოს მოსამართლის სტატუსით განიხილავენ ყველა კატეგორიის საქმეებს. როგორც ზესტაფონის რაიონული სასამართლო, ასევე თერჯოლის და ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოები განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობებში და აღჭურვილია უახლესი ტექნიკური საშუალებებით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულთა ჩადენის რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო, რაც მისასალმებელია. აღსანიშნავია სამოქალაქო სარჩელების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია, რაც პირველ რიგში საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობის გაზრდის მანიშნებელია.

კითხვა: bატონო მერაბ, როგორც ჩემთვის ცნობილია, გიყვართ მხატვრული ლიტერატურა. ასეთი საპასუხისმგებლო მოვალეობისა და დატვირთული დღის მიუხედავად, ამისთვის რამდენად გრჩებათ დრო?
პასუხი: კითხვა ადრეული ასაკიდან დავიწყე და ალბათ არაფრისგან არ მიმიღია ისეთი სიამოვნება, როგორც მხატვრულად ღირებული ლიტერატურის კითხვით. კარგი პირადი ბიბლიოთეკა მაქვს და წიგნებს ძალიან ვუფრთხილდები. ვაგროვებ შოთა რუსთაველის უკვდავი ნაწარმოების გამოცემებს სხვადასხვა ენებზე. მათ შორის მაქვს 1712 წლის რედაქციით "ვეფხისტყაოსნის" გამოცემა ე.წ. -- "ვახტანგისეული" კომენტარებით და გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების გამოცემა "ზიჩისეული" დასურათებით. ქართველებს უაღრესად მდიდარი, სამწერლო კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს. დავით გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი და გალაქტიონი, ეს ის მწერლებია რომელთა ნაწარმოებები არასოდეს დაკარგავენ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. თავისუფალ დროს ასევე ვკითხულობ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებს და ანტიკური ხანის ფილოსოფოსების ნაწარმოებებს. უკანასკნელ ხანს კიდევ ერთხელ წავიკითხე მარკუს ავრელიუსის "ფიქრები" და კიდევ ერთხელ გავოცდი იმით, რომ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერიის იმპერატორი, ფაქტიურად შეუზღუდავი, ერთპიროვნული მმართველი -- ასეთი ჰუმანური იდეების მქადაგებელი და ადამიანური ბუნების მეხოტბეა.

კითხვა: ბატონო მერაბ, გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ. გაგვაცანით თქვენი ოჯახი. როგორ ეგუებიან ისინი თქვენი დატვირთული დღის გრაფიკს?
პასუხი: მყავს მეუღლე და ერთი შვილი. მეუღლე -- ეკა მელქაძე პროფესიით სოციოლოგია. ამჟამად მუშაობს ს/ს "სილქნეტის" ვიპ აბონენტთა მომსახურების განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე. შვილი მარიამი -- საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. ჩემი და -- ნათია გაბინაშვილი პროფესიით იურისტია და მუშაობს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ. მამა სამწუხაროდ 2008 წელს გარდაიცვალა. დედა -- სასულიერო პირია -- მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში მონაზვნად არის აღკვეცილი.

ჩემი სამსახურეობრივი გრაფიკიდან გამომდინარე სახლში მხოლოდ დასვენების დღეებში -- შაბათ-კვირას ვარ. ამ დროს ვცდილობ მაქსიმალური ყურადღება დავუთმო ოჯახის წევრებს და დრო რაციონალურად გამოვიყენო. ასეთ დღეებში ხშირად მთელი ოჯახი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ვსტუმრობთ, სადაც ვათვალიერებთ ამ კუთხის ღირშესანიშნაობებს და მოვილოცავთ ტაძრებს. ფაქტიურად მოვლილი გვაქვს მთელი საქართველო. ჩემს შვილს ვცდილობ საფუძვლიანად შევასწავლო საქართველოს ისტორია და კულტურა. მიხარია, რომ უკვე ბევრი კულტურული ძეგლი აქვს დათვალიერებული და იცის მათი ისტორია.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია