ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების საფუძვლები
2017-10-11
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/1206-17 (2017-10-05) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქმის მასალების მიხედვით, ვ. ჟ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 273(1) მუხლის მე-2 ნაწილით - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვისათვის.

პროკურორმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1000 ლარის ოდენობით გამოყენების მოთხოვნით. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროკურორის მიერ ბრალდებულისათვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით.

საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამასთან განჩინებაში განმარტა, რომ დაუშვებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმგვარი მსჯელობა, რომლის მიხედვითაც გირაოს გამოყენებაზე უარის თქმის მოტივად მითითებულია მუხლის სანქციად თავისუფლების აღკვეთის არ არსებობა; ვინაიდან, თუ ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა და საქმის სხვა გარემოებები იძლევა კანონიერ საფუძველს ბრალდებულისათვის გირაოს გამოყენებაზე, ბრალდებულს შესაძლებელია შეეფარდოს გირაო აღკვეთის ღონისძიებად და დაეკისროს ასევე სხვა დამატებითი ვალდებულებები, მიუხედავად იმისა ითვალისწინებს თუ არა თავისუფლების აღკვეთას სანქციის სახედ ის მუხლი, რომელიც წარდგენილი აქვს პირს ბრალად.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ აღკვეთის ღონისძიების მიზნები და საფუძვლები;
☛ შეთანხმება სათანადო ქცევისა და გაუსვლელობის შესახებ;
☛ გირაოს გამოყენების წინაპირობები;
☛ მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა.


ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია