საგამოძიებო კოლეგიის განჩინება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ბრალდებული პირისათვის გირაოს შეფარდების თაობაზე
2017-10-18
,,პირის წარსულში ნასამართლობა ყოველთვის არ მიუთითებს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, მაგრამ როდესაც სახეზეა ერთგვაროვანი დანაშაულების რამდენჯერმე ჩადენა, თანაც, თუ ეს დანაშაულები დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასა ან/და მისგან მომდინარე თანმდევი კანონისმიერი აკრძალვების დარღვევასთან, რასაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი, უნდა მივიჩნიოთ, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რისკის არსებობა არის დასაბუთებული.“

წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/1199-17 (2017-10-04) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქმის მასალების მიხედვით, ა. ე.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 273(1) მუხლის 1-ლი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო, ჩადენილი ნასამართლევი პირის მიერ.

პროკურორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობით ითხოვა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 2000 ლარის ოდენობით გამოყენება. აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ბრალდებულს არ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე. იმ მოტივით, რომ ისეთი კატეგორიის საქმეებზე, რომლისთვისაც სასჯელის სახით არ არის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გირაო.

აღნიშნული განჩინება პროკურორმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდებულისათვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით.

საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს შეუფარდა გირაო კანონით დადგენილი მინიმალური 1000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი ღონისძიების სახით დააკისრა საკუთარი ხარჯით ნარკოლოგიური გამოკვლევების ჩატარებისა და შესაბამისი დასკვნის გამომძიებლისათვის წარდგენის ვალდებულება, ასევე სხვა ვალდებულებები.
განჩინებაში მოსამართლე განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი გირაო შეეფარდოს ბრალდებულს და თუ რა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოხდეს გირაოს თანხის განსაზღვრა.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ აღკვეთის ღონისძიების მიზნები და საფუძვლები;
☛ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება;
☛ გირაოს გამოყენების წინაპირობები;
☛ გირაოს თანხის ოდენობა;
☛ მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია