კვირის სტუმარი ქალბატონი თამარ ზამბახიძეა
2015-02-12
კითხვა: ქალბატონო თამარ, თქვენი კარიერა, იურისტობიდან მოსამართლეობამდე?
პასუხი: 1997-2000 წლებში ვიყავი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ასპირანტი.

2001 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე: "კომერციული ბანკების მიერ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების სამართლებრივი პრობლემები". ვარ სამართლის დოქტორი.
1998 წელს ვმუშაობდი სს "საქართველოს ბანკის" საკრედიტო დეპარტამენტის პრობლემურ კრედიტებთან მუშაობის განყოფილებაში უფროს სპეციალისტად;

1999-2004 წლებში ვიყავი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის მასწავლებელი, 2004-2005 წლებში კი მეკავა სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობა.

2005 წლიდან დღემდე გახლავართ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული მაქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი.
სხვადასხვა წლებში მიმყავდა სალექციო კურსები შემდეგ დისციპლინებში: სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, სანივთო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, შედარებითი სამოქალაქო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, საბანკო მომსახურების სამართალი, სამოსამართლო ეთიკა.
2005 წლის ივნისში ჩავაბარე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და დავინიშნე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ვფიქრობ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობის ეტაპი ჩემთვის პროფესიული სრულყოფის მიზნით მეტად მნიშვნელოვანი იყო.
2007 წლიდან გახლავართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. ასევე ვარ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი.

კითხვა: თქვენი პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?
პასუხი: მართლმსაჯულების არსის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, დიდი ილიას სიტყვები მახსენდება, რომლებიც ყოველი მოსამართლისათვის მისი საქმიანობის მნიშვნელობის და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელია: "მართლმსაჯულება, სამართლის ქმნა ერთი იმისთანა არსებითი საჭიროებაა, ურომლისოდაც ერთი დღეც არ შეუძლია იცხოვროს ქვეყანამ და ერმა, ვერა ურთიერთობა ადამიანისა, ვერა კრებული მისი, ერთ დღესაც ვერ გაძლებს უამისოდ ან როგორ უნდა გასძლოს, როცა სამართლის ქმნა ერთი იმისთანა აუცილებელი, ყოვლად ძლიერი მოქმედებაა, რომელზედაც დამყარებულია მთელი სასოება და იმედი მშვიდობის მყოფობისა, ადამიანის ღირსების, სახელის, ოჯახისა და ქონების სარჩელისა და მფარველობისა."

კერძო - სამართლებრივი ურთიერთობები მუდმივად იცვლება და იხვეწება. თანამედროვე ცივილური ურთიერთობების განვითარებაში სასამართლო უდიდეს როლს ასრულებს. მოსამართლე არა მხოლოდ ნორმის შემფარდებელი, არამედ, სამართლის ზოგად პრინციპებზე, სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებზე დაყრდნობით, სამართლის განვითარების აუცილებელი თანამონაწილეა.
მოსამართლეობა, უპირველეს ყოვლისა, უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამართლის განვითარებაში მონაწილეობა მოითხოვს საფუძვლიან ცოდნას, მეთოდოლოგიურ განათლებას და ოსტატობას. ამიტომაც უწოდებენ სამართლიანად მოსამართლეთა მოღვაწეობას "სამოსამართლო ხელოვნებას."

სასამართლო პრაქტიკა და იურიდიული მეცნიერება სისტემატიურად ურთიერთქმედებს ერთმანეთზე. პრაქტიკა ქმნის ნიადაგს მეცნიერული კვლევებისათვის. ის წარმოაჩენს რამდენად სრულყოფილი, პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენებადია ესა თუ ის ნორმატიული აქტი და არსებობს თუ არა ხარვეზი კანონმდებლობაში. თავის მხრივ, პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე, იურიდიული მეცნიერება შეიმუშავებს წინადადებებს მოქმედი კანონმდებლობის თუ სასამართლო პრაქტიკის სრულყოფისათვის, ასაზრდოებს მოსამართლეს იმ ცოდნითა და უნარით, რაც მართლმსაჯულების განხორციელებისათვის არის აუცილებელი.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თეორიისა და პრაქტიკის განკერძოება არ შეიძლება. მინდოდა ჩემი თეორიული ცოდნა მაქსიმალურად გამომეყენებინა პრაქტიკაში და პირიქით - პრაქტიკული გამოცდილებით გამემდიდრებინა თეორია, ჩემი სამეცნიერო მუშაობა. სწორედ ეს არის ის უმთავრესი ფაქტორი, რამაც გადამაწყვეტინა მოსამართლეობა.

კითხვა: რას გრძნობთ როდესაც სასამართლო დარბაზში შედიხართ და გადაწყვეტილებას აცნობთ მხარეებს?
პასუხი: უდიდეს პასუხისმგებლობას. ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისა და მთლიანობაში სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის საკითხში განუზომელია სასამართლო ხელისუფლების როლი. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. მოსამართლე მართლმსაჯულებას საქართველოს სახელით ახორციელებს და მას გააზრებული აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე.

კითხვა: როგორ შეაფასებდით სასამართლო სისტემაში ახალი ინსტიტუტის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება. თბილისის საქლაქო სასამართლოში ჩატარდა სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. თქვენი აზრი ამ ინსტიტუტის თაობაზე?

პასუხი: მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის დანერგვა სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ასეთი ტიპის სასამართლო იძლევა პროცესის მაქსიმალურ შეჯიბრებითობასა და მხარეთა თანასწორობას, ყოველივე ეს კი მართლმსაჯულებას უფრო დემოკრატიულს ხდის და ზრდის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ. მოქალაქეები უშუალოდ ერთვებიან მართლმსაჯულების აღსრულებაში, თავადაც უფრო კანონმორჩილნი ხდებიან. განსასჯელს, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეს ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები განსჯიან და გამოაქვთ ვერდიქტი, სასჯელის ვადების განსაზღვრა კი მოსამართლეების პრეროგატივაა. მსაჯულების მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებაში.

კითხვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოში თქვენ იხილავთ სამოქალაქო საქმეებს, (ქონებრივი დავები, საოჯახო და მემკვიდრეობითი დავები და ა.შ.). ძირითადად რა კატეგორიის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში?
პასუხი: თითქმის ყველა კატეგორიის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრია სახელშეკრულებო დავა. საერთოდ, ქვეყანაში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება გარკვეულწილად განაპირობებს სახელშეკრულებო დავების მატებას და მათ მრავალფეროვნებას. ეს ჩვეულებრივი პროცესია.

კითხვა: სასამართლოში ხშირია პროცესი, რომელიც მორიგებით დამთავრებულა?
პასუხი: ხშირია, როცა დავა მორიგებით სრულდება, მაგრამ ზოგჯერ სასამართლოს მოწოდების მიუხედავად მხარეები ვერ აღწევენ კონსენსუსს. მოსამართლეს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეული დავის მორიგებით დასრულება გულისხმობს: კონკრეტული კონფლიქტის სწრაფად და საბოლოოდ მოგვარებას; დავის გადაწყვეტის გზების ძიებას მხარეებთან ერთად სამომავლო პერსპექტივების გათვალიწინებით; დავის ორივე მხარის სასარგებლოდ დასრულებას. მოსამართლის კანონისმიერი ვალდებულებაა ყოველნაირად შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

კითხვა: ამავდროულად ბრძანდებით სპიკერი-მოსამართლე, რა შედის სპიკერი-მოსამართლის და უშუალოდ თქვენს კომპეტენციაში?
პასუხი: საზოგადოების ინფორმირება სასამართლოში საქმეთა განხილვის მიმდინარეობის თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების, განაჩენების შესახებ, წარმოადგენს სამართალწარმოების საჯაროობის პრინციპის აუცილებელ ელემენტს. მხოლოდ მაშინ, როცა ფლობს ინფორმაციას სასამართლოს საქმიანობის თაობაზე, პირი დარწმუნებულია თავისი უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიებში და აქვს ნდობა სასამართლოსადმი. სასამართლოს თაობაზე ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდებისას უმნიშვნელოვანესია სპიკერ მოსამართლის როლი. სპიკერ მოსამართლე, მედიის მოთხოვნის ან ამ მოთხოვნის გარეშე, გასცემს ინფორმაციას სასამართლოს საქმიანობაზე, აგრეთვე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით აშუქებს სასამართლო გადაწყვეტილებებს.
სპიკერ მოსამართლე პატივისცემით და ყურადღებით უნდა მოეკიდოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა ინტერესს, მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლოს საქმიანობის ან კონკრეტული საქმის შესახებ. სპიკერ მოსამართლე უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სასამართლოში არსებულ იმ საქმეებზე, რომელთა შესახებაც მედიას შეიძლება გარკვეული დაინტერესება ჰქონდეს. სპიკერმა მოსამართლემ თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებულად უნდა იმუშაოს თავისი სასამართლოს პრესსამსახურთან. პრესსამსახური კი, თავის მხრივ, ინფორმაციის მოძიების და სწორად გაცემის მიზნით, თანამშრომლობს სპიკერ მოსამართლესთან.
ინფორმაციის გაცემისას სპიკერ მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს სათანადო წონასწორობის დაცვა ინფორმაციის თავისუფლებას, კონფიდენციალობასა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს შორის, რაც გულისხმობს საერთაშორისო აქტებითა და ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებული პიროვნული უფლებების დარღვევის გარეშე, საზოგადოების ლეგიტიმური, საჯარო ინტერესების დამაყოფილებას.
ჩემს კომპეტენციაში შედის სამოქალაქო საქმეებზე ინფორმაციის მიწოდება. ძირითადად აქცენტი კეთდება იმ საქმეებზე, რომელთა მიმართაც მეტია საზოგადოებრივი ინტერესი.

კითხვა: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პერიოდულად მიმდინარეობს სემინარი მედიაციაზე, რომელიც სულ მალე დაინერგება საქართველოში, ამის შესახებ ხომ ვერ გვეტყვით თქვენს მოსაზრებას? რა დადებითი მხარე არსებობს მედიაციაში?
პასუხი: ეს ძალიან პოზიტიური ინსტიტუტია. მედიაცია (შუამავლობა) არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მესამე ნეიტრალური მხარის (მედიატორი) მონაწილეობით მოდავე ან დაპირისპირებულ მხარეთა პრობლემების მოგვარებისთვის, როდესაც განიხილება სადავო საკითხები, დაპირისპირების მიზეზები, გამოვლინდება საერთო ინტერესები და მოიძებნება პრობლემის გადაჭრის გზები. ამ პროცესში გადაწყვეტილებას უშუალოდ მოდავე მხარეები იღებენ, ხოლო მედიატორი წარმართავს პროცესს, სთავაზობს პროცედურებს და ხელს უწყობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას რომელიც დააკმაყოფილებს ორივე მხარის ინტერესებს.
უცხოური გამოცდილება აჩვენებს, რომ მედიაციის ინსტიტუტის არსებობა მკვეთრად ამცირებს სასამართლო დავებს, შესაბამისად, ამ ინსტიტუტის დანერგვა, გარკვეულწილად სასამართლოს განტვირთვას შეუწყობს ხელს.

კითხვა: თქვენი უშუალო თანამონაწილეობით იქნა შემუშავებული სამოსამართლო ეთიკის წესების კომენტარები, აღნიშნულის შესახებ რას გვეტყვით?
პასუხი: მოსამართლეებს მაღალზნეობრივი სტანდარტები მოეთხოვებათ, რაც განპირობებულია მათ მიმართ სახელმწიფოს და საზოგადოების განსაკუთრებული ნდობითდა მათი პროფესიული ფუქციების საპასუხისმგებლო ხასიათით. ადამიანებს, რომლებიც წყვეტენ სხვათა ბედს და მოქალაქეებისაგან კანონისა თუ მორალის დაცვას მოითხოვენ, ამისათვის უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ ფორმალური და სამსახურებრივი, არამედ მორალური უფლებაც. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსამართლეთა ქცევის ეთიკურ სტანდარტს.
სამოსამართლო ეთიკის წესები და მისი კომენტარები ეხმარება თითოეულ მოსამართლეს გაიაზროს თავისი პროფესიის ზნეობრივი ასპექტები და იზრუნოს მისი ქცევის წესების ეთიკურ მხარეზე როგორც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას, ისე არასამოსამართლო საქმიანობისას.

კითხვა: თქვენ პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ საქმიანობასაც ეწევით, კერძო სამართლის მიმართულებით ბრძანდებით ასოცირებული პროფესორი, ამის შესახებ გვიამბეთ?
პასუხი: იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლების მიზანია სტუდენტის არა მხოლოდ თეორიული მომზადება, არამედ უზრუნველყოფა იმისა, რომ მას შეეძლოს სამართლებრივი საკითხების პრაქტიკული გაგება-გაანალიზება. სტუდენტს უნდა ვასწავლოთ მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას იგი უნდა დაეუფლოს იურისტისათვის აუცილებელ მეთოდებს და შეიძინოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
ასეთ პირობებში, მოსამართლის მიერ სამოსამართლო პრაქტიკით გაჯერებული თეორიული მასალის სტუდენტისათვის მიწოდება და სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისათვის საჭირო უნარების გაზიარება, ვფიქრობ, საუკეთესო გზაა იურიდიული სწავლების მითითებული მიზნის მისაღწევად. სამეცნიერო, პედაგოგიური და სამოსამართლო საქმიანობის ერთობლივად განხორციელება მეტად რთული და საპასუხისმგებლოა.

კითხვა: მოდით ცოტა თქვენს ჰობზე - ხატვაზე გვესაუბრეთ?
მხატვრობის რომელი მიმდინარეობა მოგწონთ?
პასუხი: ჩემი ჰობი ხატვაა. საოცრად მიზიდავს ფერთა გამით იმპრესიონიზმი (ედუარდ მანე, ედგარ დეგა, კლოდ მონე, კამილ პისარო...), ფერი მათთვის გამოსახვის მთავარი საშუალებაა. მხიბლავს პოსტიმპრესიონიზმის ინდივიდუალობა (ჟორჟ სერა, პოლ სეზანი, ვინსენტ ვან გოგი, პოლ გოგენი...), მათი მიზანი მიეღწიათ ფერისა და ფორმის სინთეზისათვის. ჩემი გატაცება კი ექსპრესიონიზმია (აუგუსტ მაკე, ფრანც მარკი, კანდინსკი...), რომელიც გვნუსხავს ადამიანის შინაგანი მეს გამოხატვის სურვილით და სულის გამოძახილის აღბეჭდვის უნარით.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია