მოსამართლეთა უვადო დანიშვნა, გამოსაცდელი ვადა, მონიტორინგი და შეფასება
2014-03-02
28 თებერვალს და 1 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ქვეყანაში აკრედიტებული მისიები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ პოლონელი, გერმანელი, ბრიტანელი, ავსტრიელი, ხორვატი და ამერიკელი მოსამართლეები.

კონფერენცია გახსნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, ევროკავშირის სრულუფლებიანმა ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ბრიჯით ბრინკიმ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა მარტინ ჰომოლამ, პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კატერინა ბოლონიეზემ.

კონფერენციაზე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპზე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. „საქართველოს კონსტიტუციის“ ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ ძალაში შევიდა მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების პრინციპი და სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ინსტიტუტი.

კონფერენციის მონაწილეები ევროპელი და ამერიკელი მოსამართლეების გამოცდილებას გაეცნენ და მონიტორინგისა და შეფასების ისეთი ეფექტური სისტემის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, მეორე მხრივ კი, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას და ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს.

კონფერენციას უმასპინძლა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. ღონისძიების ორგანიზაცია და მხარდაჭერა გასწიეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ); ევროკავშირის პროექტმა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ (EUCJR); ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ; მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა (USAID/JILEP); დიდი ბრიტანეთის საელჩომ.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია