სააპელაციო სასამართლო დრეზდენისა და ვროცლავის სასამართლო დელეგაციებს მასპინძლობს
2014-06-02
თბილისის სააპელაციო სასამართლო გერმანიისა და პოლონეთის მოსამართლეთა დელეგაციებს მასპინძლობს. სამმხრივი შეხვედრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ხელმძღვანელობს.
დღევადელი სამუშაო სესიის ფარგლებში სამივე ქვეყნის მოსამართლეთა მონაწილეობით განხილულ იქნა: საკუთრების ბოროტად გამოყენების და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრობლემატური საკითხები.
პოლინეთისა და გერმანიის დელეგაციების ვიზიტი 5 სამუშაო დღეს გასტანს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებშივე დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი ულრიხ ჰაგენლოხი, ხვალ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მე-12 სხდომათა დარბაზში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ლექციის თემაა: "მოსამართლის დამოუკიდელობა გერმანიაში", ლექცია 18:30-ზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
კვირის განმავლობაში დაგეგმილი შეხვედრები როგორც სამოქალაქო სამართლებრივ თემებს, ასევე სასამართლოს მენეჯმენტის საკითხებს მიეძღვნება, რომლებშიც აქტიურად იქნებიან ჩართული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები და სასამართლოს მენეჯმენტი.
გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ქართული მხარე უკვე მრავალგზის მასპინძლობს დრეზდენისა და ვროცლავის სასამართლოს დელეგაციებს. მათივე დახმარებით არაერთხელ შედგა ქართველ მოსამართლეთა ვიზიტები დასახელებულ სასამართლოებში.
მომავალი მოსამართლეთა ჰოსპიტაცია დაგეგმილია ივლისში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო ქართველი მოსამართლეები სექტემბრის ბოლოს ესტუმრებიან დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოს, სადაც უშუალოდ გაეცნობიან საქმის მომზადებისა და განხილვის გერმანულ წესს.