თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე ვ. ხ.-ს კერძო საჩივარი, რომლითაც ვ. ხ. სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას და ასევე ს. ხ.-ს ნაცვლად მოსარჩელედ ვ. ხ.-ს მიჩნევას.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავდა, რომ სარჩელი არასწორად იყო შეტანილი და მასში მოსარჩელედ ვ. ხ.-ს ნაცვლად მითითებული იყო ს. ხ.. მისივე მტკიცებითვე, ასევე არასწორად იყო მითითებული სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელზე გადასახდელი ბაჟი. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა ვ. ხ.-ს კერძო საჩივარი და არ დაკმაყოფილა იგი.
სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. პალატამ განმარტა, რომ მხარის მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებები, როგორიცაა არასათანადო პირის მიერ სარჩელის აღძვრა, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად მითითება, წარმოადგენს არა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების, არამედ სწორედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის (ვ. ხ.-ს) მოთხოვნაზე მოსარჩელის შეცვლის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს საქმის განხილვის დროს შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით და არა ისეთ პირობებში, როდესაც სარჩელი წარმოებაში არ არის მიღებული. ჯეროვანი სასამართლო სამართალწარმოება მხოლოდ ჯეროვანი სარჩელის პირობებშია შესაძლებელი. შესაბამისად, ვ. ხ.-ს ეძლევა შესაძლებლობა სარჩელი კანონით დადგენილი წესით მოამზადოს და სრულყოფილი სახით წარადგინოს იგი სასამართლოში.