უარი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე
2014-07-16
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა პროკურატორის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის გირაოს დაკისრების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც საქალაქო სასამართლომ ბრალდებულის მიმართ არ გამოიყენა არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდებულს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის წარსულში ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელდადებული, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი ამოწურულია და შერიგებული არიან, რაც გამორიცხავს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძლებისა და დაზარალებულზე ზემოქმედების მოხდენის ვარაუდს. ასევე გამორიცხულია მიმალვის შესაძლებლობაც, ვინაიდან ბრალდებულის მიერ გამოძიების ორგანოსა და სასამართლოსთვის თავის არიდების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მას ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახით საერთოდ არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და ამდენად, მიმალვის ვარაუდი აბსტრაქტულია. ბრალდებული არ მუშაობს, ჰყავს პენსიონერი მშობლები, უსახსრობის გამო არ დათანხმდა საპროცესო შეთანხმების პირობებს, რომელიც ითვალისწინებდა მისთვის ჯარიმის სახით 1000 ლარის დაკისრებას. მის მიერ გირაოს გადაუხდელობა გამოიწვევს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლას, რაც მიზანშეუწონელია.
საგამოძიებო კოლეგიამ ასევე განმარტა, რომ წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნული არ არის თუ კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე არ არის წარმოდგენილი ისეთი გარემოება, რაც აღკვეთი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას დაადასტურებდა.
საგამოძიებო კოლეგიამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.