ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობა
2015-02-10
,,ბრალდებულის გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობა სწორედ ისეთი არსებითი ხასიათის ახალი გარემოებაა, რაც გავლენას ახდენს გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიების სახეზე და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გამოძიების წინაშე არსებული რისკების ინტენსივობის საკითხს. კერძოდ, კოლეგიის აზრით, როდესაც ბრალდებულმა დანაშაულის აღიარებით და აქტიური თანამშრომლობით ხელი შეუწყო გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობის დადგენაში, დაასახელა მისი გამომგზავნი და მიუთითა დანაშაულთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი ყველა გარემოება, ამით მნიშვნელოვანწილად შემცირდა ის საფრთხე, რაც მომდინარეობდა ბრალდებულისგან მისთვის პატიმრობის შეფარდების დროს. ბრალდებულის ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ის ახლა გაცილებით ნაკლებ საფრთხეს უქმნის გამოძიებას მტკიცებულებათა მოპოვებაში, არ არსებობს მათი განადგურების რისკი, ნაკლებია ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის ალბათობა. შესაბამისად, ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები შეცვლილია, დღის წესრიგში დგება გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების რევიზირების და მისი მართლზომიერების საკითხის გადახედვა, რაც აუცილებლად უნდა დაზუსტდეს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპების საფუძველზე, შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების სრულყოფილად შემოწმების გზით."
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება 1გ/98.
განჩინებაში მოსამართლე განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლს (აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება).