2015 წლის დასკვნითი შეხვედრა დრეზდენის, ვროცლავისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლობის ფარგლებში
2015-11-12
2015 წლის 11-12 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრობდა დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოსა (გერმანია) და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოს (პოლონეთი) მოსამართლეთა დელეგაცია. ჩვენს სასამართლოებს შორის თანამშრომლობა უკვე სამი წელია წარმატებით ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერით.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა აქტუალური ორგანიზაციული და სამართლებრივი თემები, მათ შორის, სასამართლოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, სპიკერი მოსამართლის როლი, საზოგადოების ნაწილის უნდობლობა როგორც მოსამართლის აცილების საფუძველი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ემბრიონის სამართლებრივი სტატუსი.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენდა 2015 წლის დასკვნით შეხვედრას, მხარეებმა განიხილეს წლის მიღწევები, არსებული თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაფართოების გზები, დასახეს მომავალი წლისთვის ახალი მიმართულებები და გეგმები.
2016 წლისთვის დაიგეგმა საქსონიის მიწის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც აპრილში შედგება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ისევე როგორც გერმანიის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოსა და გერმანიის მართლმსაჯულების სისტემებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.