საქსონიის მხარის იუსტიციის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2016-04-14
2016 წლის 14 აპრილს, 09:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეწვივნენ გერმანიის საქსონიის მხარის იუსტიციის სახელმწიფო მინისტრი ბატონი სებასტიან გემკოვი და დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეთა დელეგაცია სასამართლოს პრეზიდენტის ბატონი ულრიხ ჰაგენლოხის ხელმძღვანელობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ბატონმა ვალერი ცერცვაძემ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა და სასამართლოს სხვა მოსამართლეებმა გერმანელ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოს შორის უკვე მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა. რეგულარული ორმხრივი ვიზიტების ფარგლებში არაერთ ქართველ მოსამართლეს (მათ შორის პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებიდან) მიეცა შესაძლებლობა გერმანელ კოლეგებთან ერთად მიეღო მონაწილეობა ქართული მართლმსაჯულებისათვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე გამართულ დისკუსიებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მოხარულია იმ ფაქტით, რომ გერმანიის მთავრობა და მართლმსაჯულება დაინტერესებულია საქართველოს სასამართლოებთან თანამშრომლობით და მუდმივად მხარში უდგას ქართულ მართლმსაჯულებას.

დიდი იმედი გვაქვს იუსტიციის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაგრძელებასა და საინტერესო მიმართულებით განვითარებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ვიზიტის ორგანიზებისა და თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ფოტო
1
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია