გერმანელ მოსამართლეთა დელეგაციის ვიზიტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2016-04-18
12-15 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უმასპინძლა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს (OLG) მოსამართლეთა დელეგაციის პირველ სამუშაო ვიზიტს 2016 წლისთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის უმაღლეს სამსახარეო სასამართლოს შორის თანამშრომლობა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებითა და ხელშეწყობით ჩამოყალიბდა, უკვე წლებს ითვლის.

სწორედ ამ ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის შედეგი იყო მოსამართლეთა დელეგაციასთან ერთად საქსონიის მხარის იუსტიციის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საქართველოში.

ბატონ სებასტიან გემკოვს შეხვედრები ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ბატონ ვალერი ცერცვაძესთან და საქართველოს იუსტიციის სფეროს წარმომადგენლებთან.

მოსამართლეთა დელეგაციის პროგრამის ფარგლებში, მსჯელობის და განხილვის საგანი გახდა ქართული მართლმსაჯულებისათვის აქტუალური და პრობლემატური საკითხები, რომლებიც, ისევე როგორც წინა შეხვედრებისას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეების მიერ იქნა დასახელებული.

ამჯერად ვიზიტი მიეძღვნა საკორპორაციო სამართლის პრაქტიკულ პრობლემებს. მოსამართლეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა, დირექტორის შიდაკორპორაციული პასუხისმგებლობის საფუძვლები (მოვალეობის არასათანადოდ შესრულების გამო, სხვა თანამშრომელთა ბრალეული ქმედების გამო და არასათანადო მოგების გამო), კაპიტალური ტიპის საზოგადოებებში გამჭოლი პასუხისმგებლობის წინაპირობები და ა.შ.

საკორპორაციო სამართლის თემებთან ერთად, ერთი სამუშაო სესია დაეთმო უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის აქტუალურ საკითხებზე გერმანული გამოცდილების გაზიარებას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა კერძო სამართლის სფეროში ემყარება და მნიშვნელოვნად რეცეფცირებულია გერმანული სამართლიდან, შეუფასებლად მნიშვნელოვანია და ნაყოფიერია ქართველი მოსამართლეებისთვის უკვე ტრადიციად ქცეული შესაძლებლობა, უშუალოდ შეძლონ აქტუალური სამართლებრივი საკითხების განხილვა და ურთიერთგაზიარება გერმანელ კოლეგებთან ერთად და გერმანიის სასამართლო პრაქტიკის ჭრილში.

2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია ქართველ მოსამართლეთა ორ სამუშაო ვიზიტი (ჰოსპიტაცია) დრეზდენის უმაღლეს სასამართლოში. თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლო მოხარული იქნება კვლავ უმასპინძლოს მეგობარი სასამართლოს მოსამართლეებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ვიზიტის ორგანიზებისა და თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია