დათვალიერების ჩატარებისას განხორციელებულ ფოტოგადაღებასა და ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურებს შორის განსხვავება
2018-02-05
,,დათვალიერების ჩატარებისას განხორციელებული ფოტოგადაღება აბსოლუტურად განსხვავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დარეგულირებული დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურისგან როგორც თავისი არსით, ისე პროცესუალური ფორმით... დათვალიერებისა და ამ დროს განხორციელებული ფოტოგადაღებისას მიღებულ ინფორმაციას ვერ ექნება პრეტენზია უტყუარობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ დროს არ არის მოპოვებული თვით ამ ინფორმაციის პირველწყარო, რომელზეც შეიძლება ჩატარდეს ტექნიკურ-კომპიუტერული ექსპერტიზა მისი ავთენტიკურობის და ნამდვილობის დასადგენად, აგრეთვე იმის დასადგენად, შეინიშნება თუ არა მასზე მონტაჟის ან სხვა კანონსაწინააღმდეგო მანიპულაციების ნიშნები...“
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/133-18 (2018-02-02) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საქმის მასალების მიხედვით, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილი და დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოილუსტრაცია.
აღნიშნული განჩინება ადვოკატმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ითხოვა წინასასამართლო სხდომის განჩინების გაუქმება დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის ნაწილში და ამ მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა.
აღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა საგამოძიებო კოლეგიის მიერ და დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილთან დაკავშირებით მოსამართლემ განჩინებაში აღნიშნა, რომ წერილი შეიცავდა ოფიციალური დოკუმენტისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს და ეჭვს არ ტოვებდა მისი წარმომავლობა. ხოლო დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოილუსტრაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დათვალიერების პროცესის შემადგენელი ნაწილია ფოტოგადაღებაც და თუ დათვალიერება ჩატარდა საპროცესო ნორმების დაცვით, მაშინ ფოტოგადაღებაც ვერ იქნებოდა არსებული მოთხოვნების საწინააღმდეგო.
ამასთან, განჩინებაში მოსამართლე განმარტავს, თუ რა განსხვავებაა დათვალიერების ჩატარებისას განხორციელებულ ფოტოგადაღებასა და ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურებს შორის.
განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა წინასასამართლო სხდომაზე;
☛ მტკიცებულების ავთენტურობა;
☛ დათვალიერების ჩატარებისას ფოტოგადაღება;
☛ დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა.