თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ლ-ი დამნაშავედ ცნო ს.ტ-ს გაუფრთხილებლობით სისცოცხლის მოსპობაში
2018-04-25
2018 წლის 25 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ს.ტ.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი გ.ლ-ის მიმართ და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისათვის, გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ.ლ-მ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე სრიალისას არ გაუწია კონტროლი საკუთარ მოძრაობას, არ მოახდინა სათანადო დისტანცირება და მაღალი სიჩქარით შეეჯახა მის წინ მოსრიალე ს.ტ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით გ.ლ-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.