თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა
2023-03-02
2023 წლის 02 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები ითხოვდნენ ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით საჩივარში ასევე უთითებდნენ განაჩენის აღსრულების გადავადებას - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება.